სამზარეულო

სახელდახელო კექსი – მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი

ამ გემრიელი ნამცხვრის მომზადებას არც რაიმე განსაკუთრებული ინგრედიენტები სჭირდება და არც დიდი ძალისხმევა – ცომი მზადდება სწრაფად და სწრაფადვე ცხვება. თანაც ინტერპრეტაციებს ადვილად იტანს, როგორც, მაგალითად, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში. რაც ხელთ გაქვთ, გამოიყენეთ და შედეგი გაგახარებთ.

საბაზო ვერსიისთვის დაგჭირდებათ:

4 ცალი კვერცხი;

1,5 ჭიქა (200 მლ-იანი) შაქრის ფხვნილი;

400 მლ მაწონი ან 300 მლ არაჟანი;

5-6 სუფრის კოვზი მზესუმზირას ზეთი (შეგიძლიათ შერბილებული კარაქი გამოიყენოთ დაახლ. 100 გ, ოღონდ კარაქი ჯერ უნდა გაადნოთ ძალიან ნელ ცეცხლზე, შემდეგ მაცივარში გააცივოთ, ზედმეტი წყალი და თეთრი მინარევები მოაშოროთ ცივ წყალში გარეცხვით და ისე გამოიყენოთ);

ერთი სუფრის კოვზ ძმარში გახსნილი ერთი ჩაის კოვზი სოდა;

ერთი პაკეტი ვანილი;

მწიკვი მარილი;

სურვილისამებრ: მიხაკ-დარიჩინი, ილი, ჯავზი (მე პირადად არ მიყვარს ამ სანელებლების მძაფრი გემო და ან ძალიან ცოტას ვუკეთებ ხოლმე, დანის წვერით, ან საერთოდ არა);

3,5-4 ჩაის ჭიქა უმაღლესი ხარისხის ფქვილი.

მომზადება:

თუ მაწვნით აცხობთ, წინასწარ გადაიტანეთ მაწონი საწურზე, მოათავსეთ ჯამზე და დატოვეთ, რომ შრატისგან დაიწუროს – 15-20 წუთი ეყოფა. ამჯერად მე მაწვნით გამოვაცხვე.

კარგად გათქვიფეთ მიქსერით 4 კვერცხი 1,5 ჭიქა შაქართან ერთად, მასა უნდა ამოფუვდეს და გათეთრდეს (4-5 წუთი საკმარისი იქნება). დაუმატეთ ზეთი ან კარაქი, ან ორივე – თანაბარი რაოდენობით (ამჯერად მე ზეთი გამოვიყენე), გათქვიფეთ კიდევ 2-3 წუთი, დაუმატეთ ვანილი, მწიკვი მარილი, გაწურული მაწონი, შემდეგ ძმრით ჩამქრალი სოდა და სურვილისამებრ – სანელებლები. თქვიფეთ კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში.

გაცერით ფქვილი და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ცომს ხის კოვზით – სქელი არაჟნის სისქის ცომი უნდა მიიღოთ. დიდხანს და ენერგიულად რევა არ უნდა.

ე. წ. ბურჟუიკის ძირს მოუსვით კარაქი ან ზეთი, ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი (გვერდებზე არ უნდა არც ქაღალდი და არც ცხიმის მოსმა), ჩაასხით მიღებული მასა და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ჰაერღუმელში.

ცხობას დასჭირდება 35-40 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ხის ჩხირით გასინჯოთ, კარგად გამომცხვარი არის თუ არა და გამორთულ ჰაერღუმელში დატოვოთ კიდევ 10 წუთი.

შემდეგ გამოიღეთ, გადაიტანეთ ხის დაფაზე, გააცივეთ და ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი.

ვარიაციები: როდესაც ცომს ჩაასხამთ ფორმაში, შეგიძლიათ ზემოდან მოაწყოთ რომელიმე კენკროვანი ხილი – ჩემს შემთხვევაში ეს არის წითელი მოცხარი, რომელიც გაყინული მქონდა (რა თქმა უნდა, წინასწარ გავადნე). თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცვი, მაყვალი, ჟოლო, ატამი, ალუბალი და ა. შ. ჩვენს კექსს ზემოდან ალაგ-ალაგ აქვს დამატებული „ნუტელა“ და ძალიან უხდება. შეგიძლიათ შოკოლადის პატარა ნატეხები ჩააწყოთ ზემოდან ცომში (მაგრამ ძალიან არ დაამძიმოთ, თორემ ამოსვლა გაუჭირდება).

შეგიძლიათ აურიოთ გატარებული ნიგოზი – ამ შემთხვევაში ფქვილი უნდა დააკლოთ, თორემ ძალიან გამოგიშრებათ. ან მოხალული დაჭრილი ნიგოზი, რომელიც წინასწარ ფქვილში უნდა ამოსვაროთ.

შეგიძლიათ ცომს 3-4 სუფრის კოვზი კაკაო გაურიოთ და შავი კექსი გამოაცხოთ (ასეთ შემთხვევაშიც ფქვილი უნდა დააკლოთ). გაითვალისწინეთ, რომ კაკაოიანს სანელებლები არ უხდება.

თუ ბურჟუიკა არ გაქვთ და ჩვეულებრივ ფორმაში აცხობთ, მაშინ ეცადეთ, რომ როდესაც ცომს ჩაასხამთ, მასა ნაპირებისკენ გასწიოთ, რომ გულის ნაწილში ძალიან არ ამოვიდეს და პირამიდის ფორმა არ მიიღოს. ასეთ შემთხვევაში ნაპირები გამოშრება და გული სველი დარჩება, ამიტომ წინასწარ მიიღეთ ზომები.

გამოაცხვეთ და გემრიელად მიირთვით!

ნინო ლურსმანაშვილი

ასევე, მარტივი მოსამზადებელი და ძალიან გემრიელია: უგემრიელესი შოკოლადის ტორტი – იტალიური რეცეპტი 

ფუმფულა და გემრიელი ოლადები საუზმისთვის – საუკეთესო რეცეპტი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close