„სიმსუქნის ეპიდემია“ ამერიკაში – პროგნოზი შემაშფოთებელია
ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალის – The Lancet-ისთვის ჩატარებულ კვლევაში მკვლევარი მერი ინი წერს, რომ 18 წელზე უფროსი ასაკის აშშ-ის მოქალაქეების თითქმის 3/4 ჭარბწონიანია. პროფესორი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სიმსუქნის ეპიდემიას უწოდებს.
როგორც The New York Times-ი წერს, 1990 წელს ჭარბი წონა ან სიმსუქნე ამერიკელების 50 პროცენტზე მეტს აწუხებდა. პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის ამ პრობლემის წინაშე თითქმის 260 მილიონი ადამიანი დადგება.
ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები შეექმნებათ, როგორიცაა: დიაბეტი, სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვასთან დაკავშირებული დაავადებები, ფსიქიკური აშლილობა და სხვ. ჭარბი წონა ან სიმსუქნე ითვლება ერთ-ერთ ფაქტორად, რომელმაც შეიძლება ნაადრევი სიკვდილი ან ინვალიდობა გამოიწვიოს.
ექსპერტებს ყველაზე მეტად მოზარდების ჯანმრთელობა აწუხებთ. დღეს შეერთებულ შტატებში მათი ნახევარი ჭარბწონიანია, მაშინ როცა 1990 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ს არ აღემატებოდა.
ახალი კვლევის თანახმად, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, 2050 წლისთვის შეერთებულ შტატებში ხუთიდან ოთხ ამერიკელს ჭარბი წონა ექნება ან სიმსუქნის დაავადება შეაწუხებს.
მანანა ბანძელაძე
p. s. სხვათა შორის, აშშ-ის ახალარჩეულმა, 47-ე პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სამთავრობო კაბინეტში ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების მინისტრის კანდიდატურად რობერტ ფ. კენედი-უმცროსი დაასახელა, რომელიც ულტრაგადამუშავებულ საკვებთან თავისი დამოკიდებულებით არის ცნობილი. თუ სენატი მის კანდიდატურას დაამტკიცებს, კენედის დღის წესრიგში, მისივე თქმით, იქნება საკითხი, რომელსაც ჯანდაცვის სფეროს ბევრი სპეციალისტი იწონებს – ეს არის ბრძოლა სწრაფი კვების, გაზიანი სასმელების, ჩიფსების, შოკოლადებისა და სხვა ულტრაგადამუშავებული საკვების წინააღმდეგ, რომელიც საწარმოო პირობებში იქმნება ემულგატორების, დანამატების, არომატიზატორებისგან და ყველანაირი მინარევისგან გათავისუფლებული ინგრედიენტებისგან. ასეთი საკვები ძალზე საზიანოა ჯანმრთელობისთვის და კიბოს რისკს ზრდის. ის განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, სადაც, სხვადასხვა კვლევის თანახმად, ადამიანების მიერ მიღებული კალორიების ნახევარზე მეტი ასეთ საკვებზე მოდის.
ამ საკითხში კენედი კომპრომისს არ ცნობს: მან შხამი უწოდა საკვებს, რომელსაც დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიირთმევდა – ცნობილია ტრამპის სიყვარული McDonalds-ის მიმართ.
დაკავშირებულ თემაზე: გახდომის საუკეთესო გზა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კომენტარები