სამხელა რობოტი-დირიჟორის დებიუტი დრეზდენში – ტაშის დამკვრელები ჯერ კიდევ ადამიანები არიან (ვიდეო)
სამხელა რობოტი-დირიჟორი, სახელად მაირა, დრეზდენის სიმფონიურ ორკესტრს შეუერთდა. ტექნოლოგიის ეს სასწაული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის მარკუს რინდტისა და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგია – იუწყება The Guardian-ი.
მაირას წარმატებული დებიუტი ჰქონდა, მან უდირიჟორა სპეციალურად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისთვის დაწერილ ნაწარმოებს „რობოტის სიმფონია“, რომელიც ორკესტრის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.
რობოტის დიზაინი სიმარტივითა და ეფექტიანობით გამოირჩევა: სამ მკლავს, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა ფერის მანათობელი ჯოხებით, შვიდი სახსრის წყალობით ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობა შეუძლია.
სპექტაკლის დროს ორკესტრი სამ ჯგუფად დაიყო, რომელთაგან თითოეულს მაირას თითო მკლავი აკონტროლებდა. სამხატვრო ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რობოტის შექმნის მიზანი არ არის ადამიანი დირიჟორის შეცვლა. ამ ნოვაციის მიზანი რთული მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებისას ორკესტრის ჟღერადობის გაფართოებაა, რომელიც ტრადიციული დირიჟორობის შესაძლებლობას სცდება.
ჟურნალისტების თქმით, MAiRA Pro S ქარიზმითა და ექსპრესიით არ გამოირჩევა, მაგრამ შესანიშნავ რიტმს ინარჩუნებს.
საინტერესოა, რომ რობოტი-დირიჟორის იდეა რინდტის პირადი გამოცდილებიდან გაუჩნდა. დაახლოებით 25 წლის წინ მან შენიშნა შეუსაბამობა მისი ფაგოტის რიტმსა და დირიჟორის მიერ დაყენებულ ტემპს შორის. შენიშვნის საპასუხოდ დირიჟორმა თქვა: „მე რობოტი არ ვარ“. ახლა მაირას ამის თქმის საბაბი არ ექნება.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები