რას არ გაიგებ/ფაქტებიკრიმინალი

„იდეალური დედა“ მიუნჰაუზენის სინდრომით – ბლანშარების შემზარავი ისტორია

მართალია, მარტოხელა დედის – დი-დი ბლანშარის მკვლელობამ და მისი სნეული ქალიშვილის უკვალოდ გაუჩინარებამ მთელი ამერიკა შეძრა, მაგრამ სიმართლე, რომელსაც მოკლული ყველას და, პირველ ყოვლისა, საკუთარ შვილს უმალავდა, ბევრად შემზარავი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

დი-დი ბლანშარი

48 წლის კლოდინ პიტრ-ბლანშარი, რომელსაც ყველა დი-დის ეძახდა, 2008 წელს გადაბარგდა სნეულ ქალიშვილთან ერთად მისურის შტატის ქალაქ სპრინგფილდში, საქველმოქმედო ორგანიზაციის Habitat for Humanity-ს მიერ აშენებულ პატარა სახლში და სწრაფად იქცა ადგილობრივთა სიამაყედ. გულღია და მუდამ მოღიმარ, ყველას მიმართ მეგობრულად განწყობილ დი-დის, რომელსაც ძალიან უყვარდა ჭრელი სამოსი და ფერადი ბაფთები, მეზობლები საოცრად კეთილ, გულისხმიერ ქალბატონად ახასიათებდნენ, რადგან არავის ეუბნებოდა უარს დახმარებაზე,  სწრაფად იძენდა მეგობრებს და ერთგულებით იმსახურებდა მათ ნდობას.

სამსახურის გარეშე დარჩენილი დი-დი მხოლოდ საქველმოქმედო ფონდების დახმარების ხარჯზე ცხოვრობდა, რადგან მთელ დროს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული შვილის მოვლას უთმობდა. ჯიფსი როუზი, რომელმაც „ბოშური ვარდის“ („ჯიფსი როუზი“) სახელი, ერთი მხრივ, ეგზოტიკის მოყვარული დედის, მეორე მხრივ, ცნობილი ჯგუფის Guns and Roses-ის თავგადაკლული ფანი მამის წყალობით შეიძინა, სუსტი და ფერმკრთალი მოზარდი იყო სპეციალური საკვები მილით მუცელში და ნაზალური კანულით ყურების გარშემო, ჟანგბადის ბალონით, რომელსაც ყველგან თან დაატარებდა და უზარმაზარი სათვალით, რომელიც თითქმის მთელ სახეს უფარავდა. თმის ცვენას ჯიფსი ქუდით ან მოუხერხებელი პარიკით ნიღბავდა, მცირე ზომის იმპლანტებით ყურებში კი გაციებისა და ინფექციისგან იცავდა თავს.

ჯიფსი როუზ ბლანშარი

მძიმე დაავადების მიუხედავად, საოცრად ხალისიანი ჯიფსი არასდროს კარგავდა ოპტიმიზმს და განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩეოდა, რაც სწორედ მზრუნველი დედის დამსახურებად მიაჩნდა ყველას. ის შვილის ერთადერთ კომპანიონად, მის მხსნელად იქცა და მაქსიმალურად ცდილობდა საბრალო გოგონასთვის მძიმე ცხოვრების შემსუბუქებას, თუმცა უყურადღებოდ დი-დი არც მეზობლის ბავშვებს ტოვებდა, ზაფხულში ღია ცის ქვეშ აწყობდა კინოჩვენებას და მოძველებული პროექტორით უშვებდა ფილმებს საკუთარი სახლის კედელზე, მშობლები კი, რომელთაც ნაკლებად ჰქონდათ შვილების განებივრების საშუალება, სიამოვნებით უხდიდნენ მისის ბლანშარს სიმბოლურ თანხას, რომელიც ისევ ჯიფსის მკურნალობაზე იხარჯებოდა.

შეკითხვაზე, რით იყო მოზარდი ავად, დი-დის მთელი ნუსხა ჰქონდა მომზადებული – გოგონა  ქრომოსომური დეფექტებით დაიბადა, კუნთების დისტროფიით, მძიმე ასთმით, ძილის აპნოეთი იტანჯებოდა და მხედველობას უჩიოდა. მართალია, ადრეულ ასაკში ლეიკემიას სძლია, მაგრამ ტვინის დაზიანების შემდეგ სერიოზულად ჩამორჩა თანატოლებს განვითარებაში, ბევრად პატარად მიაჩნდა საკუთარი თავი, ვიდრე სინამდვილეში იყო და ნამდვილ საოცრებად იქცა, როცა მედიკოსების უიმედო პროგნოზის და მრავალრიცხოვანი დაავადების მიუხედავად მაინც აღნიშნა მე-16 დაბადების დღე.

გოგონას უცნაური ხმის ტემბრი და საოცრად გულუბრყვილო ღიმილი ჰქონდა, რაც მის გონებაშეზღუდულობაზე მიანიშნებდა, თუმცა შესანიშნავად კითხულობდა და მსჯელობდა, რადგან დედა მთელი დღე წიგნების კითხვით ანებივრებდა. „ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი და ერთმანეთის გარეშე აზრი არ აქვს ჩვენს ცხოვრებას”, – ხშირად იმეორებდა ჯიფსი ჟურნალისტებთან საუბრისას, რომლებიც ინტენსიურად სტუმრობდნენ დედა-შვილს უნიკალურ ადამიანებზე სიუჟეტების მომზადებისას. დი-დი ბლანშარი მართლაც თავგანწირული დედის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ბევრი გმირადაც მიიჩნევდა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ გამოაშკარავებულმა სიმართლემ ყველას თავზარი დასცა.

საზარელი მკვლელობა და გამხელილი საიდუმლო

ოჯახური იდილია 2015 წლის ივნისში დაირღვა, როცა დი-დის ფეისბუქგვერდზე ყველასთვის მოულოდნელი შეტყობინება – „ალქაჯი მკვდარია!“ გამოჩნდა. შეშფოთებულმა მეზობლებმა სამართალდამცავებს მიმართეს, რომელთაც ცივი იარაღით მოკლული დი-დი საძინებელში იპოვეს, მაგრამ ვერსად მიაგნეს ჯიფსის. გოგონა მხოლოდ მოგვიანებით მოიძია პოლიციამ, როცა მისმა ახლო მეგობარმა ალია ვუდმენსმა  ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ აღიარა, რომ მოზარდს საიდუმლო რომანი ჰქონდა ვინმე ნიკოლას გოდჯონთან, რომელიც სოციალურ ქსელში გაიცნო და დედისგან ფარულად გააბა რომანტიკული ურთიერთობა.

სწორედ გოდჯონის IP-მისამართიდან აღმოჩნდა საზარელი ჩანაწერი გაკეთებული, რამდენიმე დღეში კი სამართალდამცავებმა მისსავე სახლში მიაგნეს ჯიფსის, რომელიც  ნიკოლასთან შეუღლებას გეგმავდა და მომავალი შვილებისთვის სახელებს არჩევდა, დამოუკიდებლად მოძრაობდა და სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

მეტიც, მშობლიური სახლის დატოვების შემდეგ ჯიფსი არც ეტლით სარგებლობდა, არც ჟანგბადის ბალონით, თავზე კი მოკლე აბურძგნული თმა ეზრდებოდა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, დედა პარსავდა ავადმყოფური იერის შესაქმნელად. ამასთანავე, გაირკვა, რომ ჯიფსი წლების მანძილზე ინტენსიურად ყლაპავდა გაურკვეველი შემადგენლობის და რაოდენობის მედიკამენტებს, რომელთა მიღებას დედა აიძულებდა სხვადასხვა დაავადების ხელოვნურად გამოსაწვევად.

თუმცა მოგვიანებით პოლიციამ ბევრად საზარელი ფაქტებიც დაადგინა. ჯიფსი როუზის მკურნალი ექიმის განცხადებით, მან ჯერ თვალის და ყურის უმძიმესი ოპერაცია, მერე კი აბსოლუტურად უსარგებლო ნერწყვის ჯირკვლებში ბოტოქსის ინიექცია გადაიტანა, რომელიც მოგვიანებით საერთოდ ამოკვეთეს, რადგან დი-დის აზრით, იგი ზედმეტად ბევრ ნერწყვს გამოყოფდა. გოგონა მთელი ცხოვრება მხოლოდ საკვების შემცვლელ იმ თხევად მასას მიირთმევდა სპეციალური მილით, რომელსაც კუჭის მძიმე დაავადებების დროს უნიშნავენ პაციენტებს. სავალალო მდგომარეობაში ჰქონდა ჯიფსის კბილებიც, რაც ცუდი მოვლის, მედიკამენტის ჭარბად მიღების და არასწორი კვების შედეგი აღმოჩნდა.

მიუნჰაუზენის სინდრომი

გააგრძელე კითხვა აქ: imedinews.ge/ge/theme/1261/idealuri-deda-miunhauzenis-sindromit-blansharebis-shemzaravi-istoria

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close