ცოლ-ქმარი ქალდანები პარალიმპიადის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ – უკვე 7 მედალი საქართველოს ანგარიშზე
„უნიკალური შემთხვევა ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის ისტორიაში - მეუღლეები, გიორგი და ინა ქალდანები ერთ დღეს ორი მედლის მფლობელები გახდნენ“
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი გიორგი ქალდანი (J2 – 73 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა. ქართველი პარასპორტსმენი ფინალში იაპონელ სეტოსთან დამარცხდა ორი ვაზარით და ვერცხლის მედალს დაეუფლა, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის პარიზის ტურნირზე მეექვსე მედალი გახდა.
მეუღლეს მხარი აუბა ინა ქალდანმაც (J2 – 70 კგ) – მან პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის დაძაბულ ბრძოლაში ყაზახი მოწინააღმდეგე აიალა მერეკი დაამარცხა დამატებით დროში (Golden score) ვაზარით და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ინას ტოკიოს (2020, ჩატარდა 2021 წელს) პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული და პარიზში მიღწეული წარმატებით იგი ნინო თიბილაშვილის შემდეგ მეორე ქართველი პარასპორტსმენი გახდა, რომელსაც ორ პარალიმპიადაზე აქვს მოპოვებული მედალი.
ამასთან, გიგას და ინას წყვილის ამბავი, როგორც აღმოჩნდა, უნიკალური შემთხვევაა არა მარტო პარალიმპიური, არამედ ოლიმპიური თამაშების ისტორიაშიც. ამის შესახებ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი სოციალურ ქსელში წერს:
„უნიკალური შემთხვევა ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის ისტორიაში – მეუღლეები, გიორგი და ინა ქალდანები ერთ დღეს ორი მედლის მფლობელები გახდნენ. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები საქართველოში მოდის“.
ამრიგად, პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე 7 მედალია – ერთი ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ცოლ-ქმარ ქალდანების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების გარდა: ოქროს მედალი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძემ მოიგო, ვერცხლის მედლებს პარამსროლელი ვლადიმერ ჭინჭარაული და პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოიპოვეს.
პარიზის პარალიმპიადა 8 სექტემბერს დასრულდება. საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებში წელს 14 სპორტსმენი შედის.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები