21 წლის ქართველს, რომელიც აშშ-ში შხამიანი კანფეტებით ებრაელი ბავშვების მასობრივად მოწამვლას გეგმავდა, 50-წლიანი პატიმრობა ემუქრება
განზრახული ჰქონდა, თავდასხმა იმაზე მასშტაბური ყოფილიყო, ვიდრე 2011 წელს ნორვეგიაში ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი თავდასხმა, რომელმაც 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი წინასაახალწლოდ თანამზრახველების გამოყენებით გეგმავდა სანტა კლაუსის ფორმით შხამიანი კანფეტების დარიგებას ნიუ-იორკში, ბრუკლინის ებრაულ სკოლებში მყოფი ბავშვებისა და სხვა რასობრივი უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.
აღნიშნული პირი ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი და 2024 წლის 6 ივლისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში დააკავეს. ჩხიკვიშვილს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, დაკავებული იყო იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ეროვნული უმცირესობებისა და ებრაული თემის წინააღმდეგ მოქმედებდა. სამართალდამცველთა მტკიცებით, მიზანი შიშისა და ტერორის დათესვა იყო.
როგორც AP წერს, ჩხიკვიშვილს სხვადასხვა მეტსახელი აქვს: „მეთაური ყასაბი“; „მიშკა“ და „ყასაბი“. ის „თეთრი რასის უპირატესობის“ მომხრე იყო და აღმოსავლეთ ევროპაში „მანიაკ მკვლელთა კულტის“ სახელწოდებით ცნობილ სასტიკ საერთაშორისო ექსტრემისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.
როგორც გამოძიების დოკუმენტებით ირკვევა, ჩხიკვიშვილმა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო გეგმის შედგენა ნიუ-იორკში „მასობრივი მსხვერპლის“ მისაღებად.
ირკვევა, რომ დაკავებულს განზრახული ჰქონდა, თავდასხმა იმაზე მასშტაბური ყოფილიყო, ვიდრე 2011 წელს ნორვეგიაში ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი თავდასხმა, რომელმაც 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გამოძიების ცნობით, დაკავების შემდეგ საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს გადასცა სქემები საკუთარი გეგმის შესახებ, რომელთა ნაწილი დაკავშირებულია რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“.
2021 წლის სექტემბრიდან ჩხიკვიშვილი ავრცელებს მანიფესტს სახელწოდებით „მოძულეთა სახელმძღვანელო“, რომელშიც ნათქვამია: „მოკალი თეთრი რასისთვის“ – და ამ ქმედებისკენ სხვებს მოუწოდებს.
„სხვა საკითხებთან ერთად, სახელმძღვანელო თავის მკითხველს მოუწოდებს, მოაწყონ მასობრივი სროლა სკოლებში, გამოიყენონ ბავშვები თვითმკვლელ ტერორისტებად და მასობრივი მკვლელობების განსახორციელებლად, რომელიც მიმართულია რასობრივი უმცირესობების წინააღმდეგ. დოკუმენტი აღწერს მასობრივი ტერორისტული თავდასხმების ჩადენის მეთოდებსა და სტრატეგიებს“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
ჩხიკვიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ცდილობდა ერთ-ერთი სამართალდამცველის გადაბირებას და ისეთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე დათანხმებას, როგორბიცაა აფეთქებების მოწყობა და ხანძრების გაჩენა.
აშშ-ის პროკურორის, ბრეონ პისის თქმით, ვარაუდობენ, რომ ბრალდებული ცდილობდა, დაექირავებინა რამდენიმე პირი ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად, ნეონაცისტური იდეოლოგიების გასაძლიერებლად.
ოფიციალური პირების თქმით, ჩხიკვიშვილი 2022 წელს მინიმუმ ორჯერ გაემგზავრა ნიუ-იორკში და დარჩა ბებიასთან ბრუკლინში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ძალადობრივი დანაშაულების ხელშეწყობისა და ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, მკვლელობის ან დაზიანების განზრახვით; ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა – ძალადობრივი დანაშაულების ხელშეწყობისთვის; 20 წლით თავისუფლების აღკვეთა – ფეთქებადი მოწყობილობების დამზადებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისთვის და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა – მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელებისთვის.
რა არის მანიაკთა მკვლელობის კულტი, რომლის ქართველი ლიდერი ნიუ-იორკში ტერაქტს გეგმავდა
კომენტარები