თვითმფრინავების ულტრაწვრილ ნაწილაკებს შეუძლიათ აეროპორტებთან მცხოვრები 8 მილიონი ესპანელის ჯანმრთელობაზე მოახდინონ გავლენა
ჰიპერტენზიის, დიაბეტის და დემენციის ასობით ათასი შემთხვევა შეიძლება ამ ნაწილაკებთან იყოს ასოცირებული
სამეცნიერო კვლევის დროს ევროპის 32 აეროპორტის (მათ შორის, ოთხი ესპანურის) მონაცემები გაანალიზდა
ევროპის ეკოლოგთა ფედერაციის, „ტრანსპორტის და გარემოს“ („Transport & Environment“) მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ულტრაწვრილმა ნაწილაკებმა (UFPs), რომლებიც საჰაერო ტრანსპორტის მიერ გამოიყოფა, შესაძლოა, ესპანეთის მთავარ აეროპორტებთან ახლოს მცხოვრებ რვა მილიონ ადამიანში სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს.
კვლევის თანახმად, ესპანეთსა და ევროპაში ჰიპერტენზიის, დიაბეტის და დემენციის ათასობით შემთხვევა შეიძლება ასოცირებული იყოს ამ ნაწილაკებთან, რომლებიც ადამიანის თმის სისქეზე 1000-ჯერ უფრო მცირე ზომისანი არიან და სხეულში ღრმად შეღწევა შეუძლიათ. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ ულტრა-წვრილი ნაწილაკები სისხლის, ტვინის და პლაცენტის ტესტებშია აღმოჩენილი.
კვლევაში სულ 32 ევროპული აეროპორტის მონაცემებია გაანალიზებული. მათ შორის არის ესპანეთის ოთხი აეროპორტი, რომლებიც ყველაზე დატვირთულად მიიჩნევა. ესენია: ბარახას-ადოლფო სუარესის აეროპორტი მადრიდში, ელ-პრატი ბარსელონაში, კოსტა-დელ-სოლი მალაგაში და პალმა-დე-მაიორკა ბალეარის კუნძულებზე.
ამ კვლევის მიხედვით, ულტრაწვრილი ნაწილაკების მიმართ „განსაკუთრებით დაუცველად“, მთლიანად ევროპაში, 52 მილიონი ადამიანი მიიჩნევა, ესპანეთის შემთხვევაში კი – დაახლოებით 8 მილიონი. მათ შორის: მადრიდში – 3,8 მილიონი, ბარსელონაში – 2,7 მილიონი, მალაგაში – 896 ათასი, ხოლო პალმა-დე-მაიორკაში – 557 ათასი.
ჰიპერტენზია, დიაბეტი და დემენცია
ეკოლოგების დაანგარიშებით, ეს ნაწილაკები, ევროპის მასშტაბით, იწვევს არტერიული ჰიპერტენზიის 280 ათას შემთხვევას (ესპანეთში – 52 205), დიაბეტის 330 ათას შემთხვევას (ესპანეთში – 64 918) და დემენციის 18 ათას შემთხვევას (ესპანეთში -5 339).
ულტრაწვრილი ნაწილაკები გამოიყოფა როგორც მაღალ სიმაღლეზე ფრენის, ისე თვითმფრინავების აფრენისა და დაშვების დროს, ამიტომ აეროპორტიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანები სუნთქავენ ჰაერს, რომლის 1კუბური სანტიმეტრი, საშუალოდ, 3 000-დან 10 000-მდე ულტრაწვრილ ნაწილაკს შეიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ 15 წლის წინ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ეს იყო „ახალი შემაშფოთებელი დამაბინძურებელი“, დღემდე არ არსებობს რეგულაციები, რომლებიც ჰაერში ულტრაწვრილი ნაწილაკების უსაფრთხო დონეს განსაზღვრავს. რისკის კონტროლის ზომები მხოლოდ „საუკეთესო ხარისხის“ საწვავის გამოყენების რეკომენდაციაში გამოიხატება, რასაც შეუძლია ამ ნაწილაკების რაოდენობა 70%-ით შეამციროს.
კომენტარები