ვიდეოსაქართველოსპორტი

ვინ არის გულშემატკივარი, რომელმაც მოპედით 12 დღეში 4000 კმ გაიარა და ნაკრებს ეროვნული დროშა ჩაუტანა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად ემზადება – ჩვენი ბიჭები პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავენ.

მანამდე კი დღეს, 17 ივნისს ჩვენი გუნდი დორტმუნდში, მატჩის მასპინძელ სტადიონზე – Signal Iduna Park-ზე ივარჯიშებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ვარჯიშის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინფორმაციით, 15 ივნისს, ვარჯიშის დაწყებამდე განსაკუთრებული სტუმარი ეწვიათ.

შადიმან ხარშილაძემ 12 დღეში 4000 კილომეტრი გაიარა მოპედით და ნაკრებს საქართველოს ეროვნული დროშა ჩაუტანა, რომელზეც გულშემატკივრების გზავნილები იყო დატანილი.

შადიმან ხარშილაძე კომპანია Wolt-ის კურიერია, მან რეკორდი დაამყარა და სკუტერით კურიერული მომსახურება ყველაზე დიდ დისტანციაზე განახორციელა – 12-დღიანი მოგზაურობა თბილისიდან დაიწყო და გერმანიის ქალაქ ფელბერტში დასრულდა.

გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ შადიმანს სამახსოვროდ ეროვნული ნაკრების ხელმოწერებიანი მაისურა გადასცა.

„მისი გადაწყვეტილება გუნდის გამხნევების და გულშემატკივრობის არაჩვეულებრივი მაგალითია. დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ საგულშემატკივრო ისტორიებს შორის თავის ადგილს აუცილებლად დაიკავებს“, – წერს სოციალურ ქსელში Shota Arveladze.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

როგორ ვუყუროთ ევროპის ჩემპიონატს ონლაინ საქართველოში?

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო თბილისი“, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო ბათუმი“, საქართველო), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).

„ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის!“

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია აცხადებს, რომ გერმანიაში ჩვენი ნაკრები  მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულა და გუნდი ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. ამის შესახებ „ნაპოლის“ ქართველმა ფორვარდმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოს ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ერთობაა. ჩვენ გავხდით ერთი დიდი გუნდი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს შეებრძოლოს. გურამ კაშია თითოეული ჩვენგანისთვის მისაბაძი ადამიანია, ის ჩვენზე უფროსი და გამოცდილია, მაგრამ ყოველდღიურად იმდენს ვარჯიშობს, რამდენიც საჭიროა. იგი ნამდვილი კაპიტანია, მოედანზე და მის გარეთ ყველაფერს აკეთებს, რაც კაპიტანს ევალება.

ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ოდესმე ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა. ეს ოცნება აგვიხდა და ბედნიერები ვართ, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება – ჩვენ აქ მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ. გვინდა ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ქართული და, ზოგადად, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დავწეროთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი მთლიანად მომავალ ტურნირზეა კონცენტრირებული – საქართველო ჩვენს დებიუტს მოუთმენლად ელის. 18 ივნისს მთელი ქვეყანა გაერთიანდება და ვეცდებით, გავიმარჯვოთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 26 მარტს საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საუკეთესო იმ 24 გუნდს შორისაა, რომლებიც ამ პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობენ.

ხვალ ისტორიული დღე იქნება – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავისი არსებობის მანძილზე პირველ მატჩს გამართავს.

საქართველო F ჯგუფშია და თურქეთის გარდა მისი მეტოქეები არიან პორტუგალია და ჩეხეთი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ნაკრების შეხვედრების კალენდარს:

თურქეთი – საქართველო – 18 ივნისი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

საქართველო – ჩეხეთი – 22 ივნისი, ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი

საქართველო-პორტუგალია – 26 ივნისი, გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“

წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს!

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close