მსოფლიოპოლიტიკა

ევროპარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს ექნება

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსს, „ევროპის სახალხო პარტიას“(EPP) ექნება.

გერმანული მაუწყებელი DW შუაღამის შემდეგ, 10 ივნისს გამოქვეყნებულ წინასწარ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 720-ადგილიან ევროპარლამენტში მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს 189 დეპუტატი ეყოლება. წინა, 2019 წლის არჩევნების შედეგად EPP-ს 176 მანდატი ჰქონდა.

მეორე ადგილზე ისევ სოციალ-დემოკრატები არიან. წინასწარი მონაცემებით, მათ ეყოლებათ 135 დეპუტატი, რაც წინა არჩევნებში მიღწეულ შედეგზე ოთხით ნაკლებია. ხმები დაკარგა ლიბერალების გაერთიანებამაც Renew Europe. ის მესამე ადგილზეა და სავარაუდოდ, 83 მანდატი ექნება, რაც წინა არჩევნების შედეგზე 19-ით ნაკლებია.

ევროპარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად, სულ მცირე, 361 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიებმა წინა არჩევნებთან შედარებით შედეგები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს, ევროპარლამენტში კვლავ ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება ევროკავშირის ცენტრის – ძლიერი ბრიუსელის პოლიტიკის მხარდამჭერთა ბანაკი.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები დიდი დარტყმა იყო მმართველი პარტიებისთვის გერმანიასა და საფრანგეთში, რომლებიც ევროპარლამენტში დეპუტატების რაოდენობით პირველ და მეორე ადგილებზე არიან.

გერმანიაში, რომელსაც 96 დეპუტატი ჰყავს, კანცლერ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზე აღმოჩნდა ოპოზიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატების და მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შემდეგ. საფრანგეთში, რომელსაც ევროპარლამენტში 81 წევრი ჰყავს, პრეზიდენტ მაკრონის პარტიას დამაჯერებლად მოუგო მემარჯვენე პოპულისტების „ნაციონალურმა გაერთიანებამ”.

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, სერიოზული მარცხი განიცადა „მწვანეების“ ალიანსმა, რომელმაც 72-დან 53 მანდატი შეინარჩუნა.

წინასწარი მონაცემებით, ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების ფრაქციას 72 დეპუტატი ეყოლება. მემარჯვენე ნაციონალისტების „იდენტობას და დემოკრატიას“ – 58 და მემარცხენეებს – 35. უფრაქციო დეპუტატებს 95 მანდატი ექნებათ.

ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც 6-9 ივნისს ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობა 51% იყო. წინა, 2019 წლის არჩევნებში აქტივობამ 50,66% შეადგინა.

ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოქალაქეები ევროპარლამენტარებს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. თითოეულ ქვეყანას ევროპარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. ყველაზე მეტ, 96 დეპუტატს, გერმანიიდან ირჩევენ, ყველაზე ნაკლებს, 6-6-ს – კვიპროსიდან, მალტიდან და ლუქსემბურგიდან.

radiotavisufleba.ge

p. s. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მემარჯვენე-პოპულისტების ევროპარლამენტის არჩევნებში ტრიუმფის შემდეგ საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტიამ, რომელსაც ამჟამად 29 წლის ჟორდან ბარდელა ხელმძღვანელობს, ეგზიტპოლების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის მომხრეებზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო.

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 30 ივნისს დაინიშნა, მეორე კი – 7 ივლისს.

ოლიმპიადამდე, რომელიც 26 ივლისს გაიხსნება პარიზში, ცოტა ხნით ადრე ეროვნული არჩევნების დანიშვნამ ბევრი გააოცა და უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორისაა პარიზის მერი ან იდალგო, რომელიც, აცხადებს, რომ ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე არჩევნების დანიშვნა მისთვის გაუგებარია.

ადრე ვწერდით, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ტერაქტებით ემუქრებიან – რას აპირებს საფრანგეთის მთავრობა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close