მსოფლიოსპორტი

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ტერაქტებით ემუქრებიან – რას აპირებს საფრანგეთის მთავრობა

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის თავდაპირველი სცენარი ჩაშლის პირას აღმოჩნდა. საფრანგეთის დაზვერვა დედაქალაქში ტერორისტული აქტების საშიშროებაზე ლაპარაკობს და „გეგმა B“-ზე გადასვლის რეკომენდაციას იძლევა, – ამის შესახებ მედია იუწყება.

თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებს, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე უნდა გაიმართოს: ზაფხულის ოლიპიურ თამაშებში მონაწილე დელეგაციები დაახლოებით 160 ნავზე განთავსდებიან და აუსტერლიცის ხიდიდან ეიფელის კოშკის რაიონში მდებარე იენის ხიდამდე გაცურავენ. ხოლო 6-კილომეტრიანი აღლუმის თვალის მიდევნებას სენის სანაპიროდან, სულ ცოტა, 600 ათასი ადამიანი შეძლებს. ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდება და ძალიან ეფექტური სანახაობა იქნება, რადგან, ტრადიციისამებრ, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია სტადიონზე იმართება ხოლმე, თუმცა შესაძლოა საფრანგეთის მთავრობამ ამ სცენარზე უარი თქვას, თუ ჩათვლის, რომ რისკები ძალიან მაღალი იქნება და უსაფრთხოებას ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს. 

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 320 მილიონი ევროა გამოყოფილი, დაიდგმება დამატებით 400 სათვალთვალო კამერა, უსაფრთხოებაზე 45000 პოლიციელი და ჟანდარმი იზრუნებს.

„ეს რიცხვი პოლიციის და ჟანდარმერიის სრული შემადგენლობის მეხუთედია. სამართალდამცავთა 3750 წარმომადგენელი ერთ კილომეტრზე იქნება განთავსებული. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 100 მეტრში 4 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება“, – აცხადებდა გასული წლის მაისში პოლიციის ექსპერტი დომინიკ რიზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს, 15 აპრილს განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია შესაძლოა მდინარე სენაზე არ შედგეს, თუკი გადაწყდება, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები ძალიან მაღალია. როგორც მაკრონმა BFMTV-ს და RMC-ს განუცხადა ინტერვიუში, ასეთ შემთხვევაში გახსნის ცერემონია არა სენაზე, არამედ ტროკადეროს მოედანზე გაიმართება, ან სულაც „სტად დე ფრანსზე“ – პარიზის ეროვნულ სტადიონზე, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილოეთ გარეუბან სენ-დენიში მდებარეობს.

„გახსნის ცერემონიის ამგვარი სცენარი [მდ. სენაზე] პირველია მსოფლიოში. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და ვაპირებთ კიდეც“, – თქვა მაკრონმა, თუმცა დასძინა, რომ არსებობს  გეგმა „B“ და გეგმა „C“, ცერემონიის „სტად-დე-ფრანსზე“ გადატანის ჩათვლით. ცერემონიის სტადიონზე გადატანა „არის ის, რაც ხდება ტრადიციულად“, „ამას რეალურ დროში გავაანალიზებთ“, – აღნიშნა მაკრონმა. პრეზიდენტის თქმით, ეცდება, ყველა ღონე იხმარონ, რომ თამაშების დროს „ოლიმპიური ზავი“დამყარდეს. „ეს ისტორიული ტრადიციაა და ვფიქრობ, ეს არის ჩემთვის საბაბი, დავუკავშირდე ბევრ ჩვენს პარტნიორს“, – თქვა მაკრონმა. მათ შორის, აპირებს, ჩინეთს სთხოვოს დახმარება უსაფრთხოების საკითხებში.

საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარ განყოფილებაში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დროს შესაძლო რისკებს შორის დაასახელეს მარტოხელა ტერორისტების შეტევები იარაღის გამოყენებით ან ავტომობილებით ხალხის მასაში შევარდნა, აგრეთვე, ე.წ. „მძინარე“ ექსტრემისტთა ჯგუფების გააქტიურება, რომლებიც ავღანეთიდან იმართებიან.

სპეცსამსახურების წყაროს ცნობით, გასული კვირის განმავლობაში არეულობა შეიმჩნეოდა ცენტრალური აზიის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც, ჩვეულებრივ, სპეცსამსახურები აქტიურად აკვირდებიან.

საფრანგეთის დედაქალაქი ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებს 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close