თავად მოამზადეთ ნაყინი მარტივად, მავნე დანამატების გარეშე – უფრო იაფი, ჯანსაღი და გემრიელი
ნაყინის მომზადება შინ, საკუთარი ხელით ძალზე მარტივია. შეგიძლიათ უამრავი ვერსია სცადოთ, ჩვენ გთავაზობთ 3 ვარიანტს, მინიმალური დანახარჯებით, რომლებსაც მხოლოდ 2-3 ინგრედიენტი სჭირდება. ხილით ან სხვა ნუგბარებით გამრავალფეროვნება უკვე თავად შეგიძლიათ, თქვენი პრიორიტეტების და ფანტაზიის მიხედვით – კენკრით თუ სხვა ხილით, თხილეულით თუ შოკოლადით. შინ დამზადებული ნაყინი უფრო იაფია, უფრო გემრიელიც და უფრო უსაფრთხოც, რადგან არომატიზატორები, კონსერვანტები და სხვა დანამატები არ აქვს. ერთადერთი, ცოტა მოთმინება გჭირდებათ, სანამ გაიყინება და ნაყინის სასურველ კონსისტენციას მიიღებს.
ნაღების ნაყინი – პლომბირი
შემადგენლობა:
ნაღები 33-36%-იანი – 400 მლ
შესქელებული რძე – 300 გ
რჩევა: ნაღები უნდა იყოს ძალიან ცივი, უფრო კარგად აითქვიფება. თუ მიქსერის ჯამს და ჯოხებსაც წინასწარ 20-30 წუთით ადრე შედებთ მაცივარში, კიდევ უკეთესი.
ნაღები მაცივრიდან უშუალოდ მომზადების წინ გამოიღეთ, ჩაასხით მოსახერხებელ თასში და დაიწყეთ მიქსერით თქვეფა. თავიდან დაბალ სიჩქარეზე თქვიფეთ, შემდეგ საშუალოზე, ათქვიფეთ პატარა პიკების გაჩენამდე. 4-5 წუთი დაგჭირდებათ. ნაღების მასა მოცულობაში უნდა გაიზარდოს და ღრუბელივით გახდეს. არ არის საჭირო ძალიან გასქელება.
შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ შესქელებული რძე და თან თქვიფეთ. მიქსერით დიდხანს თქვეფა საჭირო არ არის, უბრალოდ, მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, თქვეფა შეწყვიტეთ.
მოამზადეთ მოსახერხებელი კონტეინერი. ეს შეიძლება იყოს პლასტმასის კონტეინერი, პატარა საცხობი ფორმა ან უბრალოდ ღრმა თასი. მიღებული მასა ჩაასხით მასში და გაათანაბრეთ.
რჩევა 1: ფორმა უნდა იყოს მშრალი. დააფარეთ თავსახური ან სამზარეულოს ცელოფანი გადააკარით და მინიმუმ 15 სთ შედეთ საყინულეში. ამ ხნის განმავლობაში ხელი არ ახლოთ – არც თავზე მოხადოთ და არც აურიოთ.
რჩევა 2: სანამ ჭამას დაიწყებთ, 10 წუთით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან, რომ ოდნავ შერბილდეს და სასურველი ულუფები ადვილად მოჭრათ. ნაყინის კოვზს თუ ცხელ წყალში დაასველებთ, უფრო ადვილად მოჭრით ულუფებს.
ასე მომზადებული ნაყინის ტექსტურა ერთგვაროვანია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ის შეიძლება სწრაფად დადნეს, მით უმეტეს, ზაფხულის სიცხეში, რადგან მთლიანად ბუნებრივია და დანამატებს არ შეიცავს. რაც მთავარია, ნაყინი გამოდის ძალიან გემრიელი და ნაზი.
ნაყინი შესქელებული რძისგან და ნაღებისგან ჟელატინით
ჟელატინი ამ ვერსიაში გამოიყენება დესერტში გაყინული კრისტალების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. იმისათვის, რომ ნაყინის სტრუქტურა უფრო ერთგვაროვანი იყოს, ზოგი მას შემდეგ, რაც ნაყინის მასას საყინულეში მოათავსებს, 3-4 ჯერ ურევს 30-60 წუთის ინტერვალით. თუ გსურთ, თქვენც შეგიძლიათ ასე მოიქცეთ და უფრო ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
შემადგენლობა:
ნაღები 33-36%-იანი – 500 მლ
შესქელებული რძე – 200 გ
ჟელატინი – 7 გ
მომზადება: 1. ჟელატინი ჩაასხით ცალკე პატარა ჭურჭელში და დაასხით მცირე რაოდენობით წყალი (დაახლოებით 1,5 სუფრის კოვზი). აურიეთ და დატოვეთ ცოტა ხნით, რომ გაფუვდეს (დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქცია).
შემდეგ გააცხელეთ, რომ სითხის მაგვარი გახდეს. შეაგრილეთ, გამოყენებისას ოდნავ თბილი უნდა იყოს, რომ ნაყინში ე. წ. ჟელატინის „ძაფები“ არ გაჩნდეს.
ჩაასხით კარგად გაცივებული ნაღები ღრმა თასში. ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით შესქელებული რძე და განაგრძეთ თქვეფა, თანდათან გაზარდეთ სიჩქარე. თქვიფეთ ნარევი დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში.
მიღებულ ნარევში ჩაასხით წინასწარ მომზადებული ჟელატინი. განაგრძეთ თქვეფა, სანამ სქელი არაჟნის კონსისტენცია არ ჩამოყალიბდება. თქვეფის დრო დამოკიდებულია თქვენი მიქსერის სიმძლავრეზე.
მიღებული მასა მოათავსეთ მომზადებულ კონტეინერში და გაათანაბრეთ. დააფარეთ თავსახური ან გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით საყინულეში.
საყინულეში უნდა დატოვოთ სრულ გაყინვამდე მინიმუმ 10 საათის განმავლობაში. შემდეგ, გამოყენებამდე, ოდნავ გაალღვეთ, რათა ულუფების ამოღება გაადვილდეს.
ვანილის ნაყინი შესქელებული რძისა და ნაღებისგან
არანაკლებ გემრიელი ნაყინი მიიღება ვანილის დამატებით, თუ ვანილიანი ნუგბარები მოგწონთ. ეს ვერსიაც ძალიან ადვილი მოსამზადებელია, სულ რაღაც 5 წუთი და განსაცვიფრებელი დესერტი მზად არის. უბრალოდ მოთმინება უნდა იქონიოთ, რომ საყინულეში ნაყინის კონსისტენცია ჩამოყალიბდეს.
შემადგენლობა:
ნაღები 33%-დან – 500 მლ
შესქელებული რძე – 1 ქილა (400 მლ)
ვანილი – 1 პაკეტი.
მომზადება:
მაცივრიდან გამოღებული კარგად გაცივებული ნაღები ჩაასხით მოსახერხებელ ჭურჭელში და ათქვიფეთ მიქსერით, სანამ არაჟნის სისქის არ გახდება.
შემდეგ ჩაასხით შესქელებული რძე და ჩაყარეთ ერთი პაკეტი ვანილი, დიდხანს თქვეფა აღარ უნდა, მოათავსეთ ფორმაში, თავზე დაახურეთ თავსაფარი, თუ აქვს, ან სამზარეულოს ცელოფანი გადააფარეთ და საყინულეში მოათავსეთ.
ფირმა ყოველ ერთ საათში გამოიღეთ და ნაყინს კოვზით ურიეთ. ეს პროცედურა 4-5-ჯერ გააკეთეთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ყინულის პატარა კრისტალები არ ჩამოყალიბდეს. შემდეგ დატოვეთ საყინულეში კიდევ 4-5 საათი.
***
ვისაც შოკოლადის ნაყინი უყვარს, შეუძლია 100 გ შავი შემდნარი შოკოლადი დაუმატოს და იმავე მეთოდით გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში 500 მლ ნაღებზე საჭიროა 150 გ შესქელებული რძე და 100 გ შავი შოკოლადი, რომელიც უნდა გაადნოთ და ისე შეურიოთ მასას, რა თქმა უნდა, თბილი და არა ცხელი.
კრემ-ბრიულეს გასაკეთებლად კი 500 გ ნაღებზე 4 კარგად სავსე სუფრის კოვზი მოხარშული შესქელებული რძე გამოიყენეთ.
რჩევა: ვისაც ნაკლებად ტკბილი ნუგბარები გიყვართ, შესქელებული რძის რაოდენობა შეამცირეთ სურვილისამებრ.
შინ მომზადებული ნაყინი შეგიძლიათ მიირთვათ კენკრასთან, დახეხილ შოკოლადთან თუ თხილეულთან ერთად – როგორც გესიამოვნებათ.
კირა კარიაული
გაყინული იოგურტი ჟოლოთი – ნაყინის დაბალკალორიული შემცვლელი ცხელ ზაფხულში
გაყინული იოგურტი ჟოლოთი- ნაყინის დაბალკალორიული შემცვლელი ცხელ ზაფხულში
კომენტარები