მსოფლიოპოლიტიკა

რა არის ის საკითხები, რომლებიც საბერძნეთსა და იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნებზე მისული ამომრჩევლებისთვის ყველაზე აქტუალურია?

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 6-9 ივნისს ჩატარდება. მთელ ბლოკში დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია, რომელთაც 720-წევრიანი პარლამენტი უნდა აირჩიონ, თუმცა არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ყველა არ მივა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობას საერთოდ არ ანაღვლებს ევროპარლამენტის არჩევნები. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში მოქალაქეები უმთავრესად შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააკეთებენ არჩევანს.

მაგალითისთვის, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში ეს არჩევნები მმართველი პარტიისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ დე ფაქტო რეფერენდუმი იქნება. ბულგარეთისა და მალტის მსგავს ქვეყნებში კი მოქალაქეთა არჩევანს ადგილობრივი პოლიტიკოსებისადმი  ამომრჩეველთა დამოკიდებულება განსაზღვრავს და არა ისეთი ფიგურები, როგორიცაა, მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„პოლიტიკოს“ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბალტიისპირეთშიც კი, სადაც რუსეთიდან მომავალი საფრთხე არჩევნების შედეგზე, სავარაუდოდ, დიდ ზეგავლენას მოახდენს, მოქალაქეებს, ძირითადად, თავიანთი ქვეყნის ბედი აღელვებთ და არა ევროკავშირის დიდი გეოპოლიტიკა.

რა არის ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არჩევნების შედეგებზე მოახდენს გავლენას?

საბერძნეთი

საბერძნეთში ევროპარლამენტის არჩევნებზე მისული ამომრჩევლებისთვის ყველაზე აქტუალური საკითხი გაძვირებული ცხოვრება იქნება. ეს კი შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის რეიტინგზე. მართალია, კვლევები აჩვენებს, რომ  არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს შესაძლებლობა, მმართველი „ახალი დემოკრატები“ დაამარცხოს, თუმცა იზრდება მემარჯვენეების პოპულარობა. მაგალითად, პროგნოზირებენ, რომ პარტია „ბერძნული გამოსავალი“, სავარაუდოდ, შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ორჯერ მეტ ხმას მიიღებს.

საპასუხოდ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გააცოცხლა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული უთანხმოების საკითხი და ნაციონალისტი ამომრჩევლების მოსახიბლად საარჩევნო სიაში შეიყვანა ბერძენი ალბანელი პოლიტიკოსი ფრედი ბელერი, რომელსაც ათენში პოლიტპატიმარს უწოდებენ.

იტალია

იტალიაში პოლიტიკური პარტიები ევროპარლამენტის არჩევნებს ახალი სტრატეგიების და ლოზუნგების გამოსაცდელად იყენებენ, რათა ელექტორატი უფრო ფართო წრეებიდან მიიზიდონ.

პარტია „იტალიის ძმები“ ცდილობს, პიროვნების კულტი გააძლიეროს. საუბარია პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონიზე, რომელიც ევროპარლამენტში მუშაობას არ აპირებს, თუმცა დაჟინებით მოითხოვს, რომ პარტიული სიის სათავეში იყოს. მისი საარჩევნო ლოზუნგია „ხმა მიეცი ჯორჯას“. იტალიის საარჩევნო კანონმდებლობა ასეთი კამპანიის ჩატარების უფლებას იძლევა.

პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი, რომელიც ბოლო პერიოდში ამომრჩევლების ხმებს კარგავს, ულტრამემარჯვენე პარტიებისთვის დამახასიათებელ კამპანიას განაგრძობს. იტალიაში ახლა გამოფენილია პლაკატები, რომლებზეც საუბარია ბრიუსელის შეთქმულებაზე, აიძულოს იტალიელები, მწერები ჭამონ, ჩაიცვან „ბურკა“ და ყველა გადააქციონ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფეხმძიმე იესოდ.

პარტია „ფორცა იტალია“ კი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ სილვიო ბერლუსკონიზე ამყარებს იმედს, პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ბერლუსკონი მათ გამარჯვებაში დაეხმარება.

ამ ფონზე მემარცხენე ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ სხვა ხერხს მიმართავს: პლაკატებზე კანდიდატების სახელებს საერთოდ არ აწერს და მხოლოდ ზოგად საარჩევნო თემებს აცნობს ამომრჩევლებს.

ახალი მოწვევის ევროპარლამენტის არჩევნების თარიღებად ოფიციალურად 6, 7, 8 და 9 ივნისია გამოცხადებული. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა უმეტესობა საკუთარ არჩევანს 9 ივნისს დააფიქსირებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close