საქართველოსპორტი

EURO 2024-ზე საქართველოსთვის გამოყოფილი 10 ათასი ბილეთი 4 საათში გაიყიდა

26 მარტს უეფას ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

უეფას ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ქომაგისთვის 10 ათასი ბილეთი  გამოიყო, რომელთა ფასებიც 30-დან 400 ევრომდე მერყეობდა. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე ორი ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდა.

ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო. დაახლოებით 17:00 საათისთვის კი საქართველოსთვის გამოყოფილი ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო.

პორტალზე ხელმისაწვდომი იყო ოთხი კატეგორიის ბილეთი:

III კატეგორია – €60

II კატეგორია – €150

I კატეგორია – €200

პრემიუმ ადგილები – €400

თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის დამატებითი რეისები ფიქსირებულ ფასად შესრულდება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაუყოვნებლივ დაიწყო აქტიური მოლაპარაკება როგორც უცხოურ, ისე ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით გაიზარდოს ფრენების სიხშირე უკვე არსებულ რეგულარულ მიმართულებებზე. ასევე, დაემატოს ჩარტერული რეისები იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს: 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება, თამაში ჰამბურგში ჩატარდება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი „ჯვაროსნები“ 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close