მსოფლიოპოლიტიკა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა – ისრაელი საჰაერო სივრცეს ხურავს

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

განახლებადი ინფორმაცია

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „Times of Israel“ ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ირანიდან პირდაპირი თავდასხმისთვის და ამ თავდასხმას უპასუხებს.

„ბოლო წლებისა და განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელის მოქალაქეები, ისრაელი ირანიდან შესაძლო პირდაპირი თავდასხმისთვის ემზადებოდა. ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია, ისრაელის საზოგადოება ძლიერია”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები დრონებს თვალყურს ადევნებენ. მისივე განმარტებით, უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მიღწევას რამდენიმე საათი დასჭირდება.

ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღაც მიაყოლა, მოგვიანებით კი – ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა.

ირანის თავდასხმის საფრთხის გამო 13 აპრილს ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა შეაჩერა და სხვადასხვა სახის შეკრებებზე შეზღუდვები დააწესა.

ირანის თავდასხმის ფონზე ისრაელმა დღეს, 14 აპრილს, ადგილობრივი დროით 00:30 სთ-იდან ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურა საერთაშორისო და შიდა ფრენებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა.

არ ვრცელდება დეტალები იმის შესახებ, თუ როდის განახლდება ფრენები. მათივე განმარტებით, ახალ ინფორმაციას მოსახლეობას განვითარებული მოვლენების შესაბამისად მიაწვდიან. მგზავრებს მოუწოდებენ, განრიგის შეცვლის გამო თავიანთი რეისების დროის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიებთან და თელ-ავივის რამონის აეროპორტის ადმინისტრაციის საიტზე დააზუსტონ.

როგორც ცნობილია, ისრაელი და აშშ ემზადებოდნენ ირანის მხრიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესაძლო დარტყმებისთვის პირველ აპრილს სირიის დედაქალაქში მდებარე ირანის საკონსულოზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.

რამდენიმე საათის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გაერო-ში ირანის მისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში და საკითხი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს.

ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. ისრაელის მედიის ცნობით, სხდომა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close