საქართველოს ავიაბაზარზე ორი ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის – AJET-ი და Transavia
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ორი ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის – Transavia და AJET-ი, რომლებიც ფრენას 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყებენ.
ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით განახორციელებს, ხოლო თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET-ი რეგულარულ რეისებს სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით შეასრულებს.
ავიაკომპანია Transavia-ს მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები 2024 წლის 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე შესრულდება კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს.
რაც შეეხება ავიაკომპანია AJET-ს, ის სტამბოლი- თბილისი-სტამბოლის მიმართულებით რეისებს 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურად შეასრულებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Transavia-სა და AJET-ს საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები 2024 წლის 12 მარტს მიანიჭა.
კომენტარები