ეკონომიკამოგზაურობა

WIZZ AIR-ი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მარშრუტების რაოდენობას ამცირებს

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში მარშრუტების რაოდენობას ამცირებს.

სრულად შეჩერდება ფრენა ქუთაისსა და პოლონეთის ქალაქ გდანსკს შორის. ხოლო იტალიის მიმართულებით, ქუთაისი-რომის რეისზე 31 მარტიდან თვითმფრინავი ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ჩამპინოს აეროპორტში დაჯდება. მანამდე, 30 მარტის ჩათვლით ფრენები ისევ ფიუმიჩინოს აეროპორტში შესრულდება. Wizz Air-ი ქუთაისიდან ამჟამად იტალიის ორ ქალაქში – რომსა და მილანში დაფრინავს.

როგორც Lowcostavia წერს, ავიაკომპანია Wizz Air-მა თებერვლის დასაწყისიდან შეცვალა ან მთლიანად გააუქმა ასობით მარშრუტი. საქართველოსთან ერთად ეს შეეხო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ავსტრიას, გერმანიას, დანიას, დიდ ბრიტანეთს, ეგვიპტეს, ესპანეთს, ისრაელს, იტალიას, კვიპროსს, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, პოლონეთს, პორტუგალიას, საბერძნეთს, საფრანგეთს, სერბეთსა  და სხვ.

მარშრუტების გაუქმება Pratt & Whitney-ს ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებულმა სიძნელეებმა გამოიწვია, რაც მათი ექსპლუატაციის ვადებს ამცირებს. სწორედ ეს ძრავებია დამონტაჟებული Airbus-ის თვითმფრინავებზე. ანალოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ სხვა ავიაკომპანიებიც.

Wizz Air-მა ამ პრობლემის თაობაზე თავის ფინანსურ ანგარიშში განაცხადა. არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის იგი იძულებული გახდეს, სულ ცოტა, 45 თვითმფრინავი, ანუ თავისი ავიაპარკის მეხუთედი გააჩეროს.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის ავიაბაზრის აბსოლუტური ლიდერი გახდა. ავიაკომპანიის ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4 თვითმფრინავამდე გაიზარდა.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close