ვიდეოარტისტიიტალია

86 წლის უბერებელი ადრიანო ჩელენტანო – მომღერალი, მსახიობი, მესაათე და გულთამპყრობელი სიმღერით „SOLI“ (ვიდეო)

წელს ადრიანო ჩელენტანო 86 წლის გახდა. მომღერალი და მსახიობი შესანიშნავ შემოქმედებით და ფიზიკურ ფორმაშია, სწორედ ამიტომ მას „მარად ახალგაზრდას“ უწოდებენ და 60 წელზე მეტი უწყვეტი სასცენო ტრიუმფის გამო ცოცხალი კლასიკოსის სტატუსიც დაიმკვიდრა. 

მისი საფირმო ნიშანია „გორილას ღიმილი“, რომელიც დღემდე ყველა თაობის ქალბატონს ხიბლავს, სასცენო ნაბიჯი, რომლის გამოც  მეტსახელი „Molleggiato“ ანუ „ზამბარისებური“  შეარქვეს და, რა თქმა  უნდა, ძლიერი, სახასიათო ვოკალი, რომლის დავიწყება ან სხვა მომღერლის ხმაში არევა შეუძლებელია.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ჩელენტანომ გამოუშვა 41 სტუდიური ალბომი 150-მილიონიანი საერთო ტირაჟით და, ასევე, ორმოცზე მეტ ფილმში ითამაშა.

ადრიანო არის იტალიის კინოაკადემიის პრიზის „დონატელოს დავითი“ ორგზის მფლობელი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმებში „ბლეფი“ (1976) და „ხავერდოვანი ხელები“ (1980). 1989 წელს მას მიენიჭა ქალაქ მილანის უმაღლესი პრემია – Ambrogino d’oro („ამბროჯინო დ’ორო“ – „ოქროს ამბროსი“). 2007 წელს იგი ჟურნალ Time Out-ის მიხედვით „100 ყველაზე კაშკაშა კინოვარსკვლავთა“ სიაში მოხვდა.

ახლა ჩელენტანო მილანიდან 100 კმ-ის დაშორებით ცხოვრობს საკუთარ ვილაში მეუღლესთან – კლაუდია მორისთან ერთად და საათებს არემონტებს. იშვიათად, მაგრამ მაინც გამოდის სცენაზე. „ორი ხელობა მაქვს, – ამბობს ჩელენტანო, – ბავშვობიდან მესაათე ვარ… ჩემი მეორე საქმიანობა არტისტობაა. ეს გახდა მთავარი. ამ ხელობას ვიყენებ იმისთვის, რომ გამოვხატო ის, რისაც მჯერა…“

არტისტს სამი შვილი ჰყავს – როსიტა, ჯაკომო და როზალინდა და სამივე ხელოვნების სფეროში საქმიანობს.

სიმღერა „Soli“ („მარტო“) მომღერლის ერთ-ერთი ჰიტია. იუთუბარხზე განთავსებულ სიმღერის ამ ვერსიას 15 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close