ვიდეოსპორტი

„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში დამარცხდა – „ინტერი“ ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ტურნირი ე.წ. ესპანური ფორმატით (ოთხი გუნდი, ნახევარფინალები და ფინალი) პირველად ჩატარდა. „ნაპოლიმ“ ნახევარფინალში „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო „ინტერმა“ ასეთივე ანგარიშით „ლაციოს“ სძლია.

ფინალი, ისევე როგორც წინა მატჩები, საუდის არაბეთში, ერ-რიადის „ალ-ავალ პარკზე“ გაიმართა. კვარაცხელიას წინააღმდეგ მცველები ყურადღებით თამაშობდნენ, ამის მიუხედავად ხვიჩამ ორჯერ სცადა გოლის გატანა, მაგრამ უშედეგოდ. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში პირველი რეალური საგოლე მომენტი „ნაპოლიმ“ 51-ე წუთზე შექმნა – კვარაცხელიამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ცენტრში შეიწია და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ „ინტერის“ მეკარემ იან ზომერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და მილანელები გადაარჩინა.

მე-60 წუთზე „ნაპოლის“ მდგომარეობა დამძიმდა – მეტოქესთან უხეშობისთვის ნეაპოლელთა თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი 10 მოთამაშით დატოვა. ამის გამო „ნაპოლის“ მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ მოედანზე დასვენებული მოთამაშეები შეიყვანა და 70-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა.

„ინტერმა“ მთელი ძალებით შეუტია, არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა მილანელთა შეტევა გოლით დააგვირგვინა და „ინტერი“ იტალიის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ და საერთო ჯამში მერვედ გახდა.

მერაბ მამულაშვილი

1tv.ge

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close