ვიდეოსაქართველოსპორტი

ოქროს მედლები და ტრიუმფალური შედეგი პეკინიდან – ქართულმა წყვილმა პრესტიჟულ ტურნირზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის გრანპრის სერიაში, იუნიორთა შორის სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით მოციგურავე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვა.  

ლუკამ და ანასტასიამ სპორტულ წყვილებს შორის, იუნიორთა სეგმენტში 202,11 ქულით მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.

პეკინის ყინულის ოლიმპიურ არენაზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას გამარჯვების აღსანიშნავად საქართველოს დროშა აღიმართა და  ქართული ჰიმნი აჟღერდა.

მოკლე პროგრამაში ქართულმა წყვილმა კარიერის სარეკორდო 70.48 ქულა (38.98 ტექნიკური ელემენტებისთვის + 31.50 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და დიდი უპირატესობით აჯობა მეორე (168,83 ქულა) და მესამე (156,33) ადგილებზე გასულ კანადურ დუეტებს. სხვათა შორის, მეოთხე ადგილზეც კანადური წყვილი გავიდა 150,70 ქულით, მეხუთეზე კი – აშშ-ის წარმომადგენლები 145.39 ქულით.

წყვილმა თავისუფალი პროგრამაც საუკეთესო მაჩვენებლით (131.63 ქულა) დაასრულა და ჯამური 202.11 ქულით გრანპრის ფინალის გამარჯვებული გახდა.

„2023 წლის 9 დეკემბერი ოქროს ასოებით შევა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, როგორც გრან პრის ფინალში გამარჯვებული ქვეყნის განსაკუთრებული ზეიმის დღე. სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას 2018 წლის 8 დეკემბერს ფინალში გამარჯვებას ზუსტად 5 წლის შემდეგ, ასეთივე ტრიუმფალური შედეგით, სეზონის საუკეთესო მაჩვენებლით – 131,63 ქულითა და რეკორდული ჯამური 202,11 ქულით დაემატა ჩვენი სპორტული წყვილის – ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას იუნიორთა შორის გრან პრის ფინალის ოქროს მედლები.

ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც გრან პრის ეტაპებია, ფინალურ ასპარეზობაში მოხვედრა და შემდეგ იქ ასეთი უპირატესობით გამარჯვება ალბათ, პირველ რიგში, სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და, ამასთან, მთლიანად ფედერაციის მუდმივი ზრუნვისა და ჩვენი ერთგული გულშემატკივრების გულწრფელი მხარდაჭერის შედეგია“, – წერს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.

მანანა ბანძელაძე

ნახეთ ლუკას და ანასტასიას გამოსვლა ფინალში:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close