სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ევრო 24-ის შესარჩევი ეტაპი ესპანეთთან წაგებით დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ჯგუფის ლიდერ ესპანეთს დაუპირისპირდა სტუმრად, ვალიადოლიდში და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

პირველი გოლი შეხვედრის მე-4 წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ესპანელმა მცველმა რობინ ლე ნორმანმა გახსნა, თუმცა მალევე, მე-10 წუთზე ანგარიში გათანაბრდა – გიორგი ჩაკვეტაძემ სწრაფი კონტრშეტევით ხვიჩა კვარაცხელია დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, კვარამ ზუსტად დაარტყა და ესპანეთის ნაკრების კარში გოლი გაიტანა.

ესპანელების მწვავე იერიშების მიუხედავად პირველი ტაიმი ფრედ  – 1:1 დასრულდა და ამაში მეკარე გიორგი მამარდაშვილის დიდი დამსახურებაა, რომელმაც თავისი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა აშკარა გოლს.

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა ისევ მწვავე შეტევები განაახლეს და ანგარიში მალე შეიცვალა – 55-ე წუთზე ხოსე გაიას გადაცემით ფერან ტორესმა თავით დაარტყა და  საქართველოს ნაკრების კარი აიღო, 72-ე წუთზე კი ლამინ იამალის ჩაწოდების მოგერიებისას ლუკა ლოჩოშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ანგარიში 3:1 გახდა.

ამის შემდეგ გოლი აღარ გასულა. ესპანეთმა გაიმარჯვა 3:1 და ჯგუფში 21 ქულით  პირველი ადგილი დაიკავა (7 მოგებით და ერთი წაგებით), ხოლო საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი 8 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა (2 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება).

A ჯგუფიდან, რომელშიც საქართველო იყო, ევრო 24-ის ფინალურ ეტაპზე ესპანეთი და შოტლანდია გავიდნენ.

საქართველოს რაც შეეხება, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად დარჩენილი ბოლო სამი საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად საქართველო მარტში იბრძოლებს. ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის შეხვედრებს 21 და 26 მარტს გამართავს: 21 მარტს თბილისში უმასპინძლებს  ან ლუქსემბურგის, ან აზერბაიჯანის ნაკრებს, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გაიმართება.

სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს, რადგან ესპანეთთან ყვითელი ბარათი მიიღო.

ნახეთ საქართველო-ესპანეთის მატჩის საუკეთესო მომენტები.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს „დინამო არენაზე“ საქართველომ შოტლანდიასთან მატჩი ფრედ – 2:2 დაასრულა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

კვარაცხელიას დუბლი და საქართველოს ნაკრების ფრე შოტლანდიასთან – ევრო-2024 (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close