ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ისრაელზე ჰამასის თავდასხმის გამო დაშავებულებს და გარდაცვლილებს შორის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
„ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა დღეს, 7 ოქტომბერს, გამთენიისას გაუშვეს. ჰამასის მებრძოლები ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში შევიდნენ, სადაც შეტაკებები მიმდინარეობს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 40 და დაშავდა ისრაელის 700-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადეს. დაიწყო რეზერვისტების მობილიზაცია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდასხმა სრულმასშტაბიან ომად შეაფასა და პირობა დადო, რომ მტერი გაუგონარ საფასურს გადაიხდის მომხდარის გამო.
ნანა ძნელაძე
კომენტარები