მსოფლიოპოლიტიკაკრიმინალი

სენატორ მენენდესს და მის ცოლს ქრთამის აღებაში ბრალი წაუყენეს

ამერიკელ სენატორს, რობერტ (ბობ) მენენდესს და მის მეუღლეს პარასკევს ბრალი ქრთამის აღების მუხლით წაუყენეს. მენენდესი სენატში ნიუ-ჯერსის შტატს წარმოადგენს.

პროკურორთა ბრალდებაში საუბარია მთელ რიგ კორუფციულ გარიგებებზე, სანაცვლოდ მიღებული ნაღდი ფულით, ოქროს ზოდებით და ძვირადღირებული მანქანით. ბრალდების მიხედვით, დემოკრატმა სენატორმა თავისი გავლენა საგარეო საქმეებში, ავტორიტარების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენა.

წყვილის სახლში ჩხრეკისას აღმოაჩინეს 100 000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები და გადამალული ნაღდი ფული, $480 000. განცხადება სენატორ მენენდესისთვის ბრალის წაყენების თაობაზე პროკურორებმა 22 სექტემბერს გააკეთეს.

მენენდესი აქამდეც არაერთხელ იყო გახვეული კორუფციულ სკანდალში. მას წარსულში ბრალი ერთხელ უკვე ჰქონდა წაყენებული, რომლის მიხედვითაც მენენდესი საკუთარი გავლენას ფლორიდაში თავისი თვალის ექიმის სასარგებლოდ იყენებდა. ექიმი კი მას ძვირფასი საჩუქრებით და პოლიტიკურ კამპანიაში შეტანილი შემოწირულობებით ანებივრებდა, ნათქვამია ბრალდებაში.

მენენდესი ამერიკის სენატის ისტორიაში პირველი მოქმედი სენატორია, რომელსაც ბრალი უკვე მეორედ წაუყენეს. თანაც, ჩამოთვლილი ბრალდებები ერთმანეთთან კავშირში არ არის.

დემოკრატიული პარტიისთვის ეს ყოველივე შესაძლოა სერიოზული დარტყმა იყოს, რადგან მენენდესს მომავალ წელს არჩევნები უწევს. სენატში კი დემოკრატებს საკმაოდ მცირე უპირატესობა აქვთ.

ჯერჯერობით არც სენატორ მენენდესის ოფისს და არც მისი მეუღლის ადვოკატს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ. წარსულში სენატორი ყოველთვის აცხადებდა, რომ უდანაშაულო იყო.

წარმოშობით კუბელი იმიგრანტების შვილი, ბობ მენენდესი საჯარო თანამდებობას 1986 წლიდან მოყოლებული იკავებს. თავიდან ის ნიუ-ჯერსის შტატში, იუნიონ სიტის მერი იყო. ამის შემდეგ მენენდესი 14 წლის მანძილზე შტატის კანონმდებლად მუშაობდა. 2006 წლიდან კი ამერიკის სენატორია.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close