ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში ქარიშხალმა „დანამ“, სულ ცოტა, 3 ადამიანი იმსხვერპლა; დაკარგულებიდან ერთი, 10 წლის ბიჭი, 8 საათის შემდეგ ხის ტოტზე მჯდარი იპოვეს (ვიდეო)

ესპანეთში რამდენიმე დღეა მძვინვარებს ქარიშხალი „დანა“, რომელმაც კოკისპირული წვიმა, ჭექა-ქუხილი და ძლიერი ქარი გამოიწვია. სტიქიის გამო ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ზოგიერთ რაიონში საფრთხის უმაღლესი – წითელი დონე გამოაცხადა. ამის შესახებ La Rarepublica იუწყება.

ძლიერი წვიმის გამო ყველაზე რთული სიტუაცია იყო ქალაქ ტოლედოში, სადაც ქუჩები და სახლების პირველი სართულები დაიტბორა, დაზიანდა გზები, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ხიდები.

ძლიერი წვიმის გამო 3 სექტემბერს თითქმის 10 ათასმა ადამიანმა ვერ შეძლო საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. კატალონიის მუნიციპალიტეტ ალკანარში, რომელიც ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ძლიერი წყალდიდობის საფრთხის გამო მაცხოვრებლებს გარეთ გამოსვლა გაურკვეველი ვადით აუკრძალეს.

უამინდობამ ესპანეთში, 4 სექტემბრის მონაცემებით, 3 ადამიანი იმსხვერპლა, 3 კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. 3 მამაკაცი დაიღუპა ტოლედოს პროვინციაში, ერთი მათგანი, 20 წლის ბიჭი, ლიფტში, კასარუბიოს დელ მონტეში. უამინდობამ ყველაზე მეტად მადრიდის და ტოლედოს პროვინციები დააზარალა.

მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დედაქალაქის მაცხოვრებლები მოსალოდნელი უხვი ნალექისა და შესაძლო წყალდიდობის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც გააფრთხილა.

„როიტერი“ წერს, რომ მადრიდში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა, რის შედეგადაც ესპანეთის დედაქალაქში ქუჩები და მეტრო დაიტბორა და, სულ ცოტა, ორ ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული.

მადრიდიდან დასავლეთით,  60 კილომეტრის დაშორებით მცხოვრებმა ერთმა ოჯახმა, ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად, არ ესარგებლათ ავტომობილით და სახლში დარჩენილიყვნენ, მგზავრობა გადაწყვიტა. უეცრად ადიდებულმა მდინარე ალბერჩემ (მდინარე ცენტრალურ ესპანეთში, მიედინება ავილის, მადრიდის და ტოლედოს პროვინციებში) მათი მანქანა წაიღო. ფაქტის თვითმხილველებმა მომხდარის შესახებ მაშველებს აცნობეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ მანქანაში მყოფი 4 ადამიანიდან ორი – დედა და ქალიშვილი – იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მამას და ბიჭს კი მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

დილით მაშველებს ალბერჩესმახლობლად მდებარე ფერმის მცველი დაუკავშირდა და აცნობა, რომ ხეზე, ტოტზე მჯდარი ბავშვი იპოვა, რომლის ჩამოყვანაც მოახერხა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო საჭირო.

10 წლის ბიჭუნამ რვა საათზე მეტი გაატარა ხეზე, იმ ადგილიდან სამ კილომეტრში, სადაც მათი მანქანა წყალმა გაიტაცა.

ესპანური მედიის ცნობით, 10 წლის ბიჭი, რომელსაც ზურგზე ტრავმები და ჰიპოთერმია აღენიშნებოდა, ამჟამად თავს კარგად გრძნობს. მის გადარჩენას ექიმები და მაშველები სასწაულს მიაწერენ. ბავშვის მამის ძებნა გრძელდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close