გერმანიიდან დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი ქართველია
გერმანიიდან დეპორტირებულ მოქალაქეებს შორის ყველაზე მეტი ქართველია. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, დეპორტირებულთა შორის 705 ადამიანი საქართველოს მოქალაქეა; დეპორტირებულ პირთა სიაში ქართველების შემდეგ მოდიან ჩრდილოეთ მაკედონიელები (665), ავღანელები (659) და თურქები (525).
იანვარ-ივნისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 7681 ადამიანი გააძევეს, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. დეპორტირებულთა შორის 1664 ქალი და 1375 ბავშვია.
აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოსთვის გერმანიაში კვლავ იმყოფებოდა 279 098 ადამიანი, რომელთაც ქვეყნის დატოვება მოეთხოვებათ. მიუხედავად ამისა, მათგან 225 000-ს ქვეყნის დატოვების თარიღის გადავადების სპეციალური უფლება (Duldung) აქვს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2023 წლის პირველ ნახევარში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის მაჩვენებელი, რომელთა განაცხადები არ დაკმაყოფილდა, დაახლოებით ერთი მეოთხედით გაიზარდა.
კანონის თანახმად, პირებმა, რომელთაც გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ, ან რომელთა ვიზასა თუ ბინადრობის უფლებას ვადა გაუვიდა, ქვეყანა უნდა დატოვონ.
Deutsche Welle-ს ცნობით, დეპორტაციის 500-ზე მეტი მცდელობა ჩაიშალა დეპორტირებულთა წინააღმდეგობისა და პილოტების (ავიაკომპანიების) უარის გამო.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაიზარდა იმ მიგრანტთა რაოდენობაც, რომლებმაც ნებაყოფლობით დატოვეს ქვეყანა, 4892-მა სამშობლოში დასაბრუნებლად ფედერალური დაფინანსება მიიღო, ხოლო 2309 სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები