ფერისცვალების სასწაული და ლოცვა
„მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაი შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთიშობლისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა“,
„მოვედით ამ უაღრესი შეცვალებითა შეცვალებულთა, თავნი თვისნი განვიმზადეთ ხვალისად, კეთილად აღსვლად მთად ღვთისად წმიდად, უცვალებელისა ქრისტეს დიდებისა აელვარებულისა ხილვად“, – ამ სიტყვებით ეგებება მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს, რომელიც ყოველ წელს 19 აგვისტოს (ძველი სტილით 6 აგვისტოს) აღინიშნება, 12 უდიდესი დღესასწაულის რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ამავე სიტყვებით მოგვიწოდებს იგი განვიწმიდოთ ყოველგვარი ბოროტისაგან და ქრისტესთან ერთად ავიდეთ მთის მწვერვალზე, რომელზეც უფალმა მოწაფეთაგან გამორჩეულნი – პეტრე, იაკობი და იოანე აიყვანა.
წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე უფალი მათთან ერთად თაბორის მთაზე განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. როცა გაიღვიძეს, დაინახეს, რომ მათ მოძღვარს და მასწავლებელს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი თოვლივით თეთრი ჰქონდა. მაცხოვარს გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი ედგნენ, რომლებიც უფალ იესო ქრისტესთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიედ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავერ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX,33). ამ დროს ბრწყინვალე ღრუბელმა გაანათა ისინი და მოესმათ ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). მოწაფეები შიშით მიწაზე დაემხნენ. იესო მათთან მივიდა, ხელი შეახოთ და უთხრათ: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7).G
გამხნევებული მოწაფეები ადგნენ და თავიანთი მოძღვარი უკვე ჩვეულებრივი სახით იხილეს, მოსე და ელია კი აღარსად იყვნენ.
მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა მოწაფეები გააფრთხილა, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.
თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება – შეუქმნელი, მარადიული, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები; ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ, სიცოცხლის ის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღვთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა დიონისე არეოპაგელმა „დროული მარადისობა“ უწოდა.
მაცხოვარმა ფერისცვალება იმისთვის ინება, რომ ცხადად ეჩვენებინა როგორც მოციქულებისთვის, ისე ყველა მორწმუნისთვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა. ასეთ ადამიანებზე წმიდა მოციქული პავლეც ამბობს: მართალნი სასუფეველსა შინა ცათასა გაბრწყინდებიან ვითარცა მზეო. ანუ, ცხონება-გამართლება ადამიანებისა სასუფეველსა შინა, მდგომარეობს მათ ფერისცვალებასა და გაბრწყინებაში თავიანთი ღირსების მიხედვით ისე, როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტესი თაბორის მთაზე.
თორმეტ დიდ დღესასწაულთა შორის, ფერისცვალება ყველაზე მეტად თვალნათლივ მოგვიწოდებს ნათლისკენ, სიწმინდისკენ, იმ პირველყოფილი ფერისცვალებისკენ, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ბიწიერება. როგორც მაქსიმე აღმსარებელი წერს: „უფლის ფერისცვალებისას თაბორის მთაზე ნაჩვენები იქნა ცხონების სამი გზა: სათნოების, შემეცნებისა და ღვთისმეტყველებისა. პირველი ორი გზა ელიასა და მოსეს სახით წარმოჩინდა, ხოლო ღვთისმეტყველებას თავად მაცხოვარი წარმოადგენდა“.
ათონელი მამები წერდნენ, რომ ამ წუთისოფელში სამგვარი ნათლი არსებობს: ეს არის გონებრივი ნათელი, რომლითაც ადამიანი ფერებს, მოქმედებებს აღიქვამს; ინტელექტუალური ნათელი, მაგალითად, როდესაც მუსიკოსი ბგერებით, პოეტი კი ლექსით გადმოსცემს ამ ყველაფერს, მაგრამ ინტელექტუალურ ნათელს არ აქვს ისეთი ძალა, რომ სულიერი, ანუ თაბორის ნათელი დაიტიოს; მესამე კი სწორედ თაბორის ნათელია, რომელიც სულიერ ცხოვრებას წითელ ზოლად გასდევს. ეს ის ნათელია, რომელიც მეუდაბნოე ბერებსა და მთელ ქრისტიანულ სამყაროს უპყრია. ეს არის ლოცვა, მარხვა, ღვაწლი, აღსარება, ზიარება, სულიერი ცხოვრება და თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ თავისი ცხოვრების წესით ამ ნათლის ხილვის ღირსი გახდეს.
ფერისცვალების ნათელი ხატებზე წმინდანთა თავზე დამდგარი შარავანდედის სახით გამოისახება. იგი ძვირფასი გვირგვინია, რომლითაც უფალი სულიერ ბრძოლაში გამარჯვებულს აჯილდოებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ფერისცვალების დღეს ხილის (ძირითადად ყურძნისა და სხვა საშემოდგომო ნაყოფთა: ვაშლის, მსხლის, ატმის…) კურთხევა ხდება. ცხადია, ჩნდება კითხვა – რატომ? ამ კურთხევით ადამის ცოდვით შებილწული ხილი განიწმინდება და იმ სიწმინდეს იბუნებს, რომლითაც ედემის ბაღში იყო მოსილი. წლის ამ დროს მთელი ბუნება თავისი სურნელით, სიტკბოებით და სრულყოფილებითაა ავსებული. ამ სრულყოფილებისთვის მიანდო ღმერთმა ადამს ბაღის გაშენება. სამოთხის ბაღი ისედაც მშვენიერი იყო, მაგრამ ადამს კიდევ უფრო უნდა დაემშვენებინა იგი, მორჩილად და რუდუნებით უნდა შესდგომოდა უფლის მსგავსებისკენ მიმავალ გზას. ამის ნაცვლად კი, ეშმაკს მინდობილმა, აკრძალული ხილი იგემა და ასე განიცადა ფერისცვალება სიწმინდიდან უკეთურობისკენ, ასე მოიჭრა პირდაპირი გზა უკვდავებისკენ. სწორედ ასეთი ურჩობის გამო ვართ იძულებულნი დედამიწაზე შეჭირვებულებმა გამოვიწრთოთ სული, რადგან ღვთის მსგავსების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი, თუ მუდმივი ლტოლვა გვექნება ღვთისკენ, თუ ღვთის შიში გვექნება.
„იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში“ – აფრთხილებდა უფალი თავის მოწაფეებს და ამ სიტყვებით თითოეულ ჩვენგანსაც მიგვანიშნა, რომ საჭიროა ბრძოლა და ასე იბრძვის მხოლოდ ის, ვინც ფხიზლობს და ვინც გამუდმებით ადევნებს თვალს თავის გრძნობებს და განცდებს, რათა ისინი ცოდვაში არ გადაიზარდოს. მხოლოდ სულით გამოწრთობილი ადამიანები იხილავენ ღვთის დიდებას, როგორც ეს პეტრემ, იაკობმა და იოანემ იხილეს.
ფერისცვალების დღესასწაულზე მოდი, ჩვენც შევავედროთ ამ წმიდა მოციქულებს ჩვენი სული, რათა მათი ლოცვით ღმერთმა სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან განკურნება მოგვმადლოს, რათა მათ მსგავსად განვინათლოთ იმ ნათლით, რომელიც გააღვივებს ჩვენში სიყვარულს, სურვილს ჩვენივე სულის გამშვენებისა და სრულყოფისა.
როგორც სულიერი მამები ამბობენ, გავყვეთ ფერისცვალების ნათელს თაბორის მთის მწვერვალისკენ.
***
როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად სამი ხილული სასწაული აღესრულება: აღდგომის ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა. უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას მთელი დღესასწაულის განმავლობაში თავს ადგას. თაბორის მთას, ნიშნად უფლის მოწყალებისა კაცთა მოდგმის მიმართ, ღრუბელი წელსაც დაადგება.
ფერისცვალებას გილოცავთ!
4 უძლიერესი ლოცვა უფლის მიმართ, რომლებიც მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგება
4 უძლიერესი ლოცვა უფლის მიმართ, რომლებიც მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგება
კომენტარები