საზოგადოებასაბერძნეთი

შოკის მომგვრელი პროგნოზი – მომავალ კვირაში საბერძნეთში ტემპერატურა ზოგან 48°С-ს მიაღწევს

სიცხის პირველი მსხვერპლი - სითბური დარტყმის გამო 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბერძენი მეტეოროლოგის, დიმიტრის პაპაიოანუს პროგნოზით, საბერძნეთის ცელკეულ რაიონში მომავალ კვირაში ტემპერატურა 48°С-მდე აიწევს.

ტელეარხ Action 24-თან ინტერვიუში ხანძრის ფრონტებზე საუბრისას მეტეოროლოგმა თქვა, რომ ქარის მიმართულება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ შეიცვალა, ამიტომ ხანძარმა მოიცვა ადგილები, რომლებიც აქამდე გადარჩა. იგი განგაშის ზარს რეკავს ახალ მოსალოდნელ ხანძრებთან დაკავშირებით, რამდენადაც გამოსასვლელ დღეებში, მისი თქმით, სიცხის ახალი ტალღა პიკს მიაღწევს და ისეთ რაიონებში, როგორიცაა: თებე, ლივადია ცენტრალურ საბერძნეთში და არგოსი პელოპონესზე – ტემპერატურამ შესაძლოა 45°С-ს გადააჭარბოს.

ღამითაც ძალიან ეცხელება, თერმომეტრის მაჩვენებელი 30 გრადუსზე ზემოთ იქნება. მეტეოროლოგის თქმით, კვირას იქროლებს მშრალი ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომელიც ახალი ხანძრების გაჩენის დიდ რისკს შექმნის. პაპაიოანუს პრგნოზით, ყველაზე მძიმე დღე სიცხის მესამე ტალღის დროს მომავალი ხუთშაბათი, 27 ივლისი იქნება – იგი ვარაუდობს, რომ ტემპერატურა, დიდი ალბათობით, ზოგიერთ ადგილას 48°С-ს მიაღწევს!

ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალი ოთხშაბათიდან მოსალოდნელია ტემპერატურის მორიგი ზრდა – სიცხის მესამე ტალღის ტემპერატურული მაქსიმუმი 44°С-ს გადააჭარბებს.

საბერძნეთში მაღალი ტემპერატურის გამო გაჩენილ ხანძარის კერებს ჯერ კიდევ ებრძვიან ათენიდან 30 კმ-ში, კორინთოსთან ახლოს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.

სამწუხაროდ, პაპანაქება სიცხემ საბერძნეთში ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა – 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა სითბური დარტყმის გამო.

მამაკაცმა, რომელიც ქალკიდიდან (ქალკისი) სახლში, კარამბაბაში ბრუნდებოდა, დედას აცნობა, რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და თავი ძლიერ სტკიოდა.

ისინი სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ექიმს, რომელმაც კაცს შუბლზე ცივი კომპრესების გაკეთება ურჩია, თუმცა მისი მდგომარეობა საათობრივად უარესდებოდა და საბოლოოდ ახლობლებმა იგი ფებრილური გულყრით ქალკიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მამაკაცი საავადმყოფოში სითბური დარტყმის სიმპტომებით შეიყვანეს, სამწუხაროდ, მან განმეორებითი ინსულტი განიცადა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

ქალკიდის საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადების თანახმად, მამაკაცს ძალიან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად გული და სუნთქვა გაუჩერდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close