ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

პოლონეთში საცურაო აუზზე მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

მოგვიანებით 3 მათგანი მოწმის სახით დაკითხეს და გაათავისუფლეს, ერთს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პოლონეთის ქალაქ ბიტომში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს საელჩომ ოფიციალური შეტყობინება მიიღო. 

ადგილობრივმა მედიამ 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია ბიტომში, ვროცლავის ქუჩაზე მდებარე ქალაქის პარკში არსებულ ღია საცურაო აუზზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მოგვიანებით კი ქალაქის მერიამ განცხადება გაავრცელა საქართველოს 4 მოქალაქის დაკავების შესახებ.

ბიტომის მერიის ცნობით, ღია საცურაო აუზის დაცვის თანამშრომლებმა ორი შეტყობინება მიიღეს ორი ბიჭისგან და ერთი გოგონას დედისგან. მოზარდმა დედას უთხრა, რომ 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ავიწროებდა. აუზის დაცვის სამსახურმა ორი მოზარდი ბიჭისგანაც მიიღო შეტყობინება, რომ იგივე მამაკაცი მათ წყალში თამაშის დროს ავიწროებდა.

აუზის დაცვის თანამშრომლებმა მამაკაცი და მისი თანმხლები სამი პირი დააკავეს და პოლიცია გამოიძახეს. 4-ვე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. მათი ასაკი, მედიის ცნობით, 18-იდან 55 წლამდეა.

გამოცემის ცნობით, მამაკაცების დაკავებისა და პოლიციის მისვლის შემდეგ აუზზე ბევრი ხალხი შეგროვდა, რომლებიც მომხდარს აპროტესტებდნენ. დაკავებულების მისამართით ზოგიერთი მათგანის აგრესიული ქცევის გამო  პოლიციას მათთან გასამკლავებლად ფარებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა. მათ აუზის დაცვის თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

პოლიციამ ვიდეოჩანაწერები ამოიღო და გამოძიება დაიწყო.

დღეს საღამოს  პოლონური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ 48 წლის მამაკაცს, საოლქო პროკურორმა ბრალი დღეს წარუდგინა: „მოცემულ საქმეზე მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ პროკურორმა მარტა ზავადა-დიბეკმა დაკავებულ 48 წლის მამაკაცს, საქართველოს მოქალაქეს, ბრალი წარუდგინა 15 წლამდე ასაკის 3 არასრულწლოვანის მიმართ ზოგიერთი სექსუალური ქმედების ჩადენასა და ჩადენის მცდელობაში. 48 წლის მამაკაცის თანმხლები კიდევ 3 საქართველოს მოქალაქე, რომლებიც პოლიციამ ინციდენტის დროს დააკავა, მოწმეების სახით დაკითხეს და გაათავისუფლეს. პროკურორმა გადაწყვიტა, რომ მათ კავშირი არ აქვთ მომხდარ ინციდენტთან და მათ მიმართ ბრალის წაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ბრალდებულ მამაკაცს, დასკვნა აჩვენებს, რომ მან, სულ ცოტა, არასრულწლოვანის სხეულის ხელშეუხებლობა დაარღვია.

გამოცემა niezalezna.pl-ის ცნობით, ეჭვმიტანილი რამდენიმე წელია ლეგალურად ცხოვრობს და მუშაობს ბიტომში. მან არ აღიარა ქმედება, რომელიც ბრალად წაუყენეს, თუმცა მისი ახსნა-განმარტების შინაარსს გამომძიებლები არ ასაჯაროებენ. პროკურატურამ გადაწყვიტა, სასამართლოს მიმართოს მოთხოვნით დაკავებული ქართველისთვის მომავალი სამი თვის განმავლობაში დროებითი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. „წინასწარი პატიმრობის შესახებ განაცხადის საფუძველია მკაცრი სასჯელი, რომელიც ეჭვმიტანილს ემუქრება, ისევე როგორც ხრიკებით თავის დაძვრენისა და მიმალვის საფრთხე”, – განმარტა პროკურორმა მარტა ზავადა-დიბეკმა. მან აღნიშნა, რომ სავარაუდო დანაშაულისთვის მამაკაცს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 48 წლის მამაკაცის წინასწარი პატიმრობის შესახებ პროკურატურის განაცხადს  ბიტომის სასამართლო სამშაბათს განიხილავს.

ცალკე დაიწყება სამართალწარმოება საცურაო აუზზე მყოფი მოქალაქეების მიერ აუზის დაცვისა და ადგილზე მისვლისას პოლიციის მიერ დაკავებული ოთხი ქართველის ლინჩის წესით გასამართლების მცდელობის საქმეზე. საუბარია, მათ შორის, აუზზე შეკრებილი ზოგიერთი მოქალაქის მიერ პოლიციელების მიმართ გამოვლენილ უხამსობასა და მუქარაზე და დაცვის თანამშრომლებთან შეხლა-შემოხლაზე.

„აუზზე მყოფი პირების ქმედებასთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე პოლიციის თანამშრომლების მიმართ ძალადობისა და არამართლზომიერი მუქარის გამო მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის იძულების მიზნით“, – გაავრცელა ინფორმაცია კატოვიცეს საოლქო პროკურატურის პრესსპიკერმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close