იტალიასაზოგადოება

მაჯორეს ტბაზე ნავის ჩაძირვისას დაღუპულთა შორის იტალიის 007-ის ორი აგენტი და ისრაელის მოსადის ყოფილი წევრი არიან

მაჯორეს ტბაზე, ქალაქ ლისანცასთან (ვარეზეს პროვინცია) ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულებს შორის იტალიის დაზვერვის, 007-ის ორი აგენტი, კლაუდიო ალონცი და ტიციანა ბარნობი და ისრაელის უსაფრთხოების ძალების, მოსადის ყოფილი წევრი – შიმონ ერეზი არიან.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაღუპულთა შორისა, ასევე, ნავის კაპიტნის ცოლი, რუსეთის მოქალაქე, 50 წლის ანია ბოჟკოვა.

ნავის ბორტზე ინციდენტის დროს 25-მდე ადამიანი იმყოფებოდა – ისრაელის 13 მოქალაქე, 8 იტალიელი, აგრეთვე, ეკიპაჟი და შკიპერის (კაპიტანი)  რუსი ცოლი. მათგან, კაპიტნისა და მისი ცოლის გარდა, არ იყვნენ ერთი ოჯახის წევრები.

„ანსას“ ცნობით, გასარკვევია რამდენიმე მომენტი – მათ შორის, ის, რომ ნავის ბორტზე იმყოფებოდა ისრაელის მოსადის რამდენიმე წევრი.

ნავი ეკუთვნოდა 53 წლის კლაუდიო კარმინატის ვარეზეს პროვინციიდან, რომლის მიმართაც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ნავის ჩაძირვასა და არაგანზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით.

იტალიური მედიის ცნობით, კვირას, 29 მაისს ნავის ბორტზე მყოფნი დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, როდესაც ქარიშხალი ამოვარდა, ძლიერ წვიმასა და სეტყვასთან ერთად, 16 მეტრის სიგრძის ნავი ამოტრიალდა და ჩაიძირა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ისინი მალევე სახლში დაბრუნდნენ.

მილანის აეროპორტში ისრაელიდან მოსადის სპეციალური კერძო თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რათა უსაფრთხოების სამსახურის გადარჩენილი წევრები წაეყვანა. „ანსას“ წყაროს თქმით, ამ დღეს ნავზე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, მაგრამ ადრე შესაძლოა სხვა შეხვედრებიც ყოფილიყო.

საქმეს პროკურატურა იძიებს, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა ნავის გადატრიალების მიზეზი, აგრეთვე, სწავლობს ამინდის ბიულეტენებს – დროს, როდესაც ამინდის პროგნოზი გამოქვეყნდა და სხვ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close