რომელ ადგილს იკავებს საქართველო „ძლიერი პასპორტების“ რეიტინგში?
ეკონომიკასა და ფინანსებში ქვეყნის სიძლიერის გაზომვის სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ ტურიზმის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ჩარჩოდ Arton Capital-ის მიერ შექმნილი „პასპორტის სიძლიერის ინდექსი“ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს პასპორტებს ერთმანეთს უდარებს.
ამ ინდექსით ორი ძირითადი პარამეტრი იზომება, ესენია: პასპორტის სიძლიერე და მობილობის ინდექსი. პირველი შედარებითი მაჩვენებელია, რომელიც კონკრეტული ქვეყნის მოქალაქის მთავარ დოკუმენტს სხვა პასპორტებს უდარებს. მეორე იმ ქვეყნების თანაფარდობას ითვლის, სადაც კონკრეტული პასპორტის მფლობელს უვიზოდ, საზღვარზე გაცემული ვიზით ან ჩვეულებრივი ვიზით შეუძლია მოგზაურობა.
„პასპორტის სიძლიერის ინდექსში“ ქართული პასპორტი 30-ე ადგილს იკავებს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უმეტეს ქვეყანას უსწრებს, მათ შორის, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, თურქეთს, რუსეთს, მოლდოვას, ალბანეთს და ბოსნია და ჰერცეგოვინას. საქართველოსთან ერთად 30-ე ადგილზეა ჰონდურასიც, მაგრამ ამ სამხრეთამერიკული ქვეყნის მობილობის ინდექსი განსხვავებულია. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ჩასვლა 78 ქვეყანაში, საზღვარზე ასაღები ვიზით 51 ქვეყანაში და ვიზით 69 ქვეყანაში შეუძლიათ, ხოლო ჰონდურასის შემთხვევაში ანალოგიური მაჩვენებლები 84-ს, 45-სა და 69-ს შეადგენს.
„პასპორტის სიძლიერის ინდექსში“ დაკავებული მაღალი პოზიციის გამო ქართული პასპორტი რეგიონში ყველაზე ძლიერ დოკუმენტად ითვლება. ამ მხრივ, მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, მესამეს კი – რუსეთი. ჩვენი რეგიონის ქვეყნები მობილობის ინდექსის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებიან:
საქართველო – 129 ქულა (უვიზოდ – 76; ადგილზე – 51; ვიზით – 69)
თურქეთი – 124 ქულა (უვიზოდ – 69; ადგილზე – 50; ვიზით – 74)
რუსეთი – 123 ქულა (უვიზოდ – 74; ადგილზე – 44; ვიზით – 75)
სომხეთი – 80 ქულა (უვიზოდ – 33; ადგილზე – 45; ვიზით – 118)
აზერბაიჯანი – 79 ქულა (უვიზოდ – 30; ადგილზე – 46; ვიზით – 119)
პასპორტის სიძლიერის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ ან საზღვარზე ასაღები ვიზით მოგზაურობა 180 ქვეყანაში შეუძლიათ. მეორე ადგილზე ერთბაშად რამდენიმე ქვეყანა გავიდა, მათ შორის: შვედეთი, გერმანია, ფინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ავსტრია, შვეიცარია და სამხრეთ კორეა. იაპონია, რომელიც, ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პასპორტის მქონე სახელმწიფოდ ითვლება, ამ რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს. რეიტინგის ბოლო, ანუ 96-ე ადგილზე ავღანეთი აღმოჩნდა, რომლის მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა მხოლოდ ხუთ ქვეყანაში შეუძლიათ. პასპორტის სისუსტით ავღანეთთან ახლოს არის სირია, ერაყი, სომალია და პაკისტანი.
bm.ge
კომენტარები