შვედეთში დაკავებული ქართველი მამაკაცი, რომელიც ერთი პოლონელის მკვლელობაში და მეორის დაჭრაშია ეჭვმიტანილი, აცხადებს, რომ თავს იცავდა
შვედეთის ქალაქ კარლსკრონის სასამართლოს მიერ პოლონელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაციას პოლონური პორტალი wiadomosci.dziennik ავრცელებს.
პორტალის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის მიხეილ კ. ორშაბათს კარლსკრონის სასამართლომ 30 წლის პოლონელის სასიკვდილო დაჭრისა და 35 წლის პოლონელის დაჭრის ბრალდებით დააკავა. თავდასხმა პარასკევს სამხრეთ შვედეთში, კარლშამნის მახლობლად მოხდა.
„ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდა მამაკაცებს შორის. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს იყო რაღაც კონფლიქტი. საავადმყოფოში მყოფი დაზარალებულისთვის ჯერ არ მოგვისმენია“, – ამბობს პროკურორი ლენა მარი ბერგსტრომი.
დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილმა ქართველმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ პოლონელები და ის თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.
პროკურატურას საბრალდებო დასკვნის წარსადგენად დრო 12 ივნისამდე აქვს.
შვედეთის პოლიციის ცნობით, შემთხვევა პარასკევს საღამოს მოხდა ასარუმის ინდუსტრიულ უბანში, სადაც სატვირთო მანქანებია გაჩერებული. ორივე დაჭრილი პოლონელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთი გარდაიცვალა.
ipress.ge
კომენტარები