ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამშაბათს, 9 მაისის გამთენიისას წამოიწყეს ოპერაცია „ფარი და ისარი“ და ღაზის სექტორში იერიშები მიიტანეს „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერებზე. პალესტინელების განცხადებით, დაბომბვის შედეგად მოკლულია ამ დაჯგუფების 3 მეთაური და 10 სამოქალაქო პირი.
ისრაელის არმია „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაურის, ალი გალის ლიკვიდაციას ადასტურებს.
მედიის ცნობით, ალი გალი ორგანიზაციის ცენტრალურ ფიგურად ითვლებოდა და პასუხისმგებელი იყო ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშზე, მათ შორის, ბოლო ოპერაციაზე – „ფარი და ისარი“.
10 მაისს პალესტინური დაჯგუფებების მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 270 რაკეტა ისროლეს. ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, 205-მა რაკეტამ საზღვარი გადაკვეთა, ხოლო 65 – ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რაკეტების დიდი ნაწილი „რკინის გუმბათის“ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დროს ისრაელმა საბრძოლო მოქმედებებში პირველად გამოცდა საჰაერო თავდაცვის სისტემა „დავითის შურდული“, რომელმაც წარმატებით გაანეიტრალა თელ ავივის რეგიონში ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტა. ამ ახალ სისტემას რაკეტებზე ზემოქმედება 300 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.
Footage from Gaza of the latest rocket launch from Gaza into Israel targeting Ashkelon, with one impact. pic.twitter.com/R2MzypaHPW
— Aurora Intel (@AuroraIntel) May 10, 2023
ქალაქებზე თავდასხმის პასუხად ისრაელს იერიშები მიაქვს პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ ბაზებსა და რაკეტების გამშვებ დანადგარებზე.
მორიგი გამწვავების მოლოდინში ისრაელმა გზები გადაკეტა, რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ.
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„ისრაელში მყოფ თანამემამულეებს შეგახსენებთ უსაფრთხოების წესებს განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში:
შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;
შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არცერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში.
თუ თქვენ ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.
თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 10 მაისს საღამოს განაცხადა, რომ„ისლამური ჯიჰადის“ წინააღმდეგ ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაარტყა „ისლამური ჯიჰადის“ იარაღის მაღაზიებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს. მისივე თქმით, დღემდე არცერთი ისრაელის მოქალაქე არ დაშავებულა „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო იერიშებით.
„ჩვენ ვეუბნებით ტერორისტებს: ყველგან გხედავთ. ვერ შეძლებთ დამალვას. ჩვენ ვწყვეტთ, სად და როდის დაგარტყათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ისლამურ ჯიჰადსა“ და ისრაელს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2 მაისს ისრაელის ციხეში, 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გარდაიცვალა პალესტინური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, 45 წლის ადნან ხადერი.
კომენტარები