პოლიტიკაკრიმინალი

დონალდ ტრამპი ჟურნალისტს 30 წლის წინანდელი სექსუალური შევიწროებისთვის 5 მილიონ დოლარს გადაუხდის

აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვალდებულია, 5 მილიონი დოლარი გადაუხადოს ქალს, რომელიც მას გაუპატიურებასა და რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. მანჰეტენის სასამართლომ ტრამპი 9 აპრილს, სამშაბათს ამერიკელი ჟურნალისტის, მწერლისა და ჟურნალ Elle-ის ყოფილი მიმომხილველის, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლის (E. Jean Carroll) სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, ხოლო გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა. ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

სასამართლოს დადგენილებით, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯინ ქეროლს სექსუალური შევიწროებისთვის ორი მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს, ცილისწამებისა და სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებისთვის – სამი მილიონი დოლარი .

ჟურნალისტი და მწერალი ელიზაბეთ ჯინ ქეროლი ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპს 1995 თუ 1996 წელს  შემთხვევით შეხვდა მანჰეტენზე მდებარე უნივერმაღ Bergdorf Goodman-ში, სადაც გასახდელში ტრამპმა იგი გააუპატიურა.

ქეროლის სარჩელში ნათქვამია, რომ ტრამპი მას მანჰეტენის უნივერმაღში, Bergdorf Goodman-ის მაღაზიაში მიუახლოვდა, ფლირტნარევი ხუმრობებით გამოელაპარაკა და მეგობრისთვის საჩუქრის ყიდვაში დახმარება სთხოვა. შემდეგ ქალის ქვედა თეთრეულის მოსინჯვა სთხოვა, გასახდელში შეჰყვა, კარი დახურა, ელიზაბეთი კედელთან მიიმწყვდია და გააუპატიურა.

ჯინ ქეროლმა სასამართლო პროცესის დროს განაცხადა, რომ ტრამპმა ზიანი მიაყენა მის რეპუტაციას, როდესაც 2022 წლის ოქტომბერში სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ქეროლის განცხადება მტკნარი ტყუილი და სრული თაღლითობა იყო.

ქეროლმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი გასულ წელს შეიტანა რეპუტაციის შელახვისა და ზიანის მიყენებისთვის.

ქალის თქმით, სექსუალური ძალადობის შემდეგ რომანტიკული ცხოვრების გაგრძელება ვეღარ შეძლო.

დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს. იგი აცხადებს, რომ „წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის ეს ქალი“ და რომ ჯინ ქეროლმა ეს ამბავი პოპულარობის მოპოვების მიზნით შეთხზა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close