გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და სამოქალაქო აქტივისტი ჰარი ბელაფონტე. ამის შესახებ 25 აპრილს, სამშაბათს The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია მომღერლის პრესმდივანზე დაყრდნობით.
ჰარი ბელაფონტეს სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. იგი ნიუ-იორკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა 96 წლის ასაკში.
ჰაროლდ ჯორჯ ბელაფონტე 1927 წლის პირველ მარტს დაიბადა ნიუ-იორკში ვესტინდოელი (კარიბები) ემიგრანტების ოჯახში. 1950 წლებში, როდესაც რასობრივი სეგრეგაცია ჯერ კიდევ ფართოდ იყო გავრცელებული აშშ-ში, ბელაფონტე შოუბიზნესის უმაღლეს წრეებში მოხვდა, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბელაფონტემ თითქმის ერთპიროვნულად შეძლო კარიბული მუსიკა იმ პერიოდის ამერიკაში დიდ გატაცებად ექცია თავისი ჰიტებით, როგორიცაა Day-O (The Banana Boat Song) და Jamaica Farewell.
მისი ფირფიტა Calypso, რომელზეც ეს ორივე სიმღერაა ჩაწერილი, გამოსვლიდან (1956 წელს) მალევე Billboard-ის ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა და 31 კვირის განმავლობაში პირველ პოზიციაზე იყო. Calypso ისტორიაში პირველი ჩანაწერი გახდა, რომელიც მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა.
ბელაფონტე მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწეც იყო. 1960-იან წლებში მან დიდი ძალისხმევა გასწია ამერიკელი არტისტების მობილიზაციისთვის აშშ-სა და მთელ მსოფლიოში ფერადკანიანი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების თანასწორობის მხარდამჭერი მოძრაობის დასაწყებად.
ჰარი ბელაფონტემ სამჯერ დაიმსახურა პრესტიჟული პრემია „გრემი“, ერთხელ – „ემი“, ერთხელ – „ტონი“.
ჰარი ბელაფონტე 50-60-იან წლებში საქართველოშიც ცნობილი და ძალიან პოპულარული იყო. ამას მოწმობს ქართული ფილმიც „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1969, რეჟისორი გუგული მგელაძე), სადაც ენგურჰესის მშენებლობაზე დასაქმებულ ერთ-ერთ ახალგაზრდა მუშას, ნოდარს, სიმღერის ნიჭის გამო მეტსახელად ბელაფონტე ჰქვია. ჩვენს მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ნოდარი-ბელაფონტეს როლს თემურ წიკლაური ასრულებს.
ნუცა ყაველაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ არ ითამაშა ეროსი მანჯგალაძემ ფილმში „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ და როგორ აღმოჩნდა თემურ წიკლაური ბელაფონტეს როლში
კომენტარები