კინო/ფილმებიჩვენი ფავორიტი

რატომ არ ითამაშა ეროსი მანჯგალაძემ ფილმში „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ და როგორ აღმოჩნდა თემურ წიკლაური ბელაფონტეს როლში

რეჟისორ გუგული მგელაძის ფილმი „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ 1969 წელს გამოვიდა ეკრანზე და დღემდე არ კარგავს თავის კინემატოგრაფიულ ხიბლს, უპირველეს ყოვლისა, მასში მონაწილე მსახიობების გამო. დოდო აბაშიძე (ალექსანდრე), გრიგოლ წიტაიშვილი (გერასიმე), თამაზ თოლორაია (ბიძინა), რუსუდან კიკნაძე (ტატა), ლეილა ყიფიანი (მარინე), ნანული პირველი (გალინა), ლალი მესხი (ლია)…და მომღერალი თემურ წიკლაური – მის მიერ განსახიერებული ნოდარი (ბელაფონტე), გუგული მგელაძის დამსახურებით,  ქართულ კინოში შემონახული 23 წლის თემურ წიკლაურის სახეა…

ენგურჰესის მშენებლობაზე ბრიგადირად დანიშნული ომის ვეტერანი ალექსანდრე და მისი ბრიგადის ახალგაზრდა წევრები საერთო საცხოვრებელში დაბინავდებიან. მშენებლობაზე პირდაპირ სკოლის მერხიდან მოსულ ბიჭებს ნებისყოფაც აკლიათ და გამოცდილებაც. ალექსანდრეს წესიერება, შრომისმოყვარეობა, კაიკაცობა სამაგალითო გახდება მათთვის. ხარაჩოდან ჩამოვარდნილი მეგობრის, გერასიმეს დაღუპვა ყველას სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს, მშენებლობის მიტოვებას დააპირებენ, მაგრამ ალექსანდრე ახალგაზრდებს გაამხნევებს და გერასიმეს დაწყებული სახლის მშენებლობას ყველანი ერთად დაასრულებენ.

ფილმის გადაღებები, ძირითადად, თბილისში და სოხუმში მიმდინარეობდა. სცენარის ავტორი ცნობილი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. როგორც რეჟისორი გუგული მგელაძე ამბობდა, ფილმი შეკვეთითაა გადაღებული:

„რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს ფილმი შეკვეთით გადავიღეთ. ცხონებული სულიკო ჟღენტი მაშინ თბილისში არ იყო. ერთ დღეს კულტურის სამინისტროში დამიბარეს და მითხრეს, რომ ცენტრალურ კომიტეტში (მაშინ იქ ქალბატონი ვიქტორია სირაძე მუშაობდა) მივსულიყავი. მივედი. დიდი სურვილი გვაქვს, რომ მუშათა კლასზე გადავიღოთ ფილმი და იდეა თუ გაქვთო? – მკითხეს. იდეა არ მაქვს, მაგრამ მოფიქრება შეიძლება-მეთქი, ვუპასუხე. ფილმში თან ომის თემაც უნდა ყოფილიყო აქცენტირებული.

დავიწყე ფიქრი და უცებ ერთი საინტერესო ისტორია გამახსენდა – მოსკოვში კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას ჩვენს საერთო საცხოვრებელში ძალიან საინტერესო ხალხი ცხოვრობდა – რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, სულხან ცინცაძე, გიზო ამირეჯიბი, ეთერ გუგუშვილი, გიგა ლორთქიფანიძე… რომელი ერთი ჩამოვთვალო? ზღაპრული პერიოდი იყო. ჰოდა, იმ საერთო საცხოვრებელში, ჩვენ გვერდით ოთახში ერთი ომის მონაწილე ვეტერანი კაცი ცხოვრობდა, რომელიც ძალიან გამხდარი და ცოტა ავადმყოფური შესახედაობის იყო. ახალგაზრდები იუმორით ვუყურებდით და, რატომღაც, არც მაინცდამაინც დიდი პატივისცემა გვქონდა მის მიმართ. ერთ მშვენიერ დღეს ეს კაცი ავად გახდა – მაღალი სიცხე ჰქონდა. ექიმი გამოვიძახეთ და გასინჯვის დროს ჩვენც მის ოთახში ვიყავით. ფილტვების ანთება აღმოაჩნდა. მაშინ ზურგზე ეგრეთ წოდებულ „ბანკებს“ ადებდნენ ხოლმე. ექიმმა საბანი რომ გადახადა, მის სხეულზე სამი-ოთხი ჭრილობა დავინახეთ. არადა, ამის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს. იმ წუთიდან რადიკალურად შეიცვალა ჩვენი იმ კაცისადმი დამოკიდებულება. სამწუხაროდ, მისი არც გვარი მახსოვს და არც სახელი. ძალიან ცოტა ხანს ცხოვრობდა ჩვენთან…

ეს ამბავი ბატონ სულიკო ჟღენტს მოვუყევი, რომელმაც მშვენივრად გამოიყენა სცენარის წერის დროს. მე სპეციალურად ჩავედი მასთან ბათუმში, ვუთხარი, რაც ხდებოდა და ეს ისტორიაც მაშინ მოვუყევი. სცენარზე ერთად ვმუშაობდით, მაგრამ წერით ის წერდა. ცენტრალურმა კომიტეტმა ბორჯომში, უფრო სწორად, ლიკანში, მეოთხე სამმართველოს აგარაკზე ერთი შესანიშნავი ოთახი გამოგვიყო და ეს სცენარიც იქ იწერებოდა, თუმცა სანამ სცენარზე მუშაობას დავიწყებდით, მე და ბატონი სულიკო ენგურზე წავედით იქაური ცხოვრების გასაცნობად (მაშინ მოდაში იყო ეგრეთ წოდებული „ცხოვრების გაცნობა“). მიმოვიხედეთ ირგვლივ და სულიკომ თქვა: ჩვენ აქ ვერაფერს გავეცნობით, უმჯობესია, ყველაფერი ჩვენი ფანტაზიით დავწეროთ. ასეც მოვიქეცით. სხვათა შორის, სცენარში შევიდა ჩვენი საერთო საცხოვრებლის ამბები, მაგალითად, შარვლის დასველების ფაქტი. იურა გვყავდა ერთი, პეტრიაშვილი, და იმას უსველებდნენ ხოლმე რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე შარვალს. გიჟდებოდა კაცი, სამი დღეა გავრეცხე და კიდევ არ გამშრალაო… ეს ამბები თითქმის ზუსტად გადავიტანეთ ფილმში…“

***

ფილმის სცენარი რამდენიმე თვეში დაიწერა. მთავარი გმირის, ალექსანდრეს როლზე ორი მსახიობი მოიაზრებოდა: დოდო აბაშიძე და ეროსი მანჯგალაძე.

„დოდო რომ გავსინჯეთ ამ როლზე, შემდეგ ეროსი მანჯგალაძესაც დავურეკეთ – ისიც გვინდოდა გაგვესინჯა. „ვინმე სხვა ხომ არ გაგისინჯავთ?“ – გვკითხა ბატონმა ეროსიმ. როცა გაიგო, დოდო აბაშიძე გვყავდა გასინჯული, სინჯებზე არ მოვიდა. როგორ, ჩემს მეგობარს, დოდოს, კონკურენციას გავუწევო?! – უთქვამს ეროსის. აი, ასეთი კოლეგიალობა გამოიჩინა, რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება ხოლმე… საოცარი ადამიანი იყო ბატონი ეროსი, კიდევ კარგი, არ დაგვთანხმდა, ისიც ძალიან კარგი იქნებოდა და არჩევანის გაკეთება გამიჭირდებოდა“ (გუგული მგელაძე).

ჩაშლილი გადაღებები

ფილმში გერასიმეს (რომელიც სახლის აშენებაზე ოცნებობს) როლს მსახიობი გრიგოლ წიტაიშვილი ასრულებს. იგი, ისევე როგორც ბიძინას როლის შემსრულებელი თაზო თოლორაია, რეჟისორ გუგული მგელაძის აღმოჩენილია. პირველი როლები მათ სწორედ მის ფილმში „ცისკრის ზარები“ ითამაშეს.  ბატონი გუგული ძალიან ამაყობდა ამ ფაქტით.  სხვათა შორის, თავდაპირველად განსაზღვრული ყოფილა, რომ ალექსანდრეს როლი გრიშა წიტაიშვილს უნდა ეთამაშა. შემდეგ მოვლენები თავისთავად დალაგდა და ბატონმა გრიშამ გერასიმეს, მართლაც რომ, შესანიშნავი სახასიათო სახე შექმნა. როგორც თავად ამბობს, დღემდე მას ყველა გერასიმეს ეძახის.

ალექსანდრეს როლში კი დოდო აბაშიძე მართლაც განუმეორებელია.

„დოდო ხომ გენიალური მსახიობი იყო, მაგრამ ხელს გვიშლიდა, – სიცილით იხსენებდა ბატონი გუგული, – სადაც უნდა წავსულიყავით გადაღებაზე, ყველგან გვაჩერებდნენ და საქეიფოდ გვეპატიჟებოდნენ. ეს დოდოს გამო ხდებოდა. იცით, რამდენჯერ ჩაგვეშალა გადაღება? უამრავჯერ…

ფილმის ნაწილი თბილისში გადავიღეთ, ნაწილი – სოხუმში. მაშინ სოხუმში დიდი მშენებლობა მიმდინარეობდა და მშენებლობის ეპიზოდები სწორედ იქ არის გადაღებული. გადაღებები გვქონდა, აგრეთვე, ჯვარშიც. ფილმის მეორე რეჟისორი რეზო ჭარხალაშვილი იყო, საოცარი პიროვნება, რომელიც ძალიან მეხმარებოდა. მისი ძმა ენგურჰესზე მთავარ ინჟინრად მუშაობდა. გადაღებისთვის საუკეთესო პირობები შეგვიქმნა. იქ, ენგურჰესზე ძალიან ბევრი ეპიზოდია გადაღებული. მათ შორის, სიყვარულისა და ღამის სცენები, ბიჭები რომ მოდიან და ოცნებობენ“.

„ასე გავხდი ბელაფონტე…“

ფილმში „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ ბელაფონტეს როლს მომღერალი თემურ წიკლაური ასრულებს. ამ ფილმში შედგა მისი, როგორც მსახიობის, დებიუტი. ბატონ თემურს იმდენად კარგი სინჯები ჰქონია, რომ რეჟისორს დაუყოვნებლივ გადაუწყვეტია მისი გადაღება. მეტიც, რადგან თემური მომღერალი იყო, სიმღერაც სწორედ ამიტომ შეუტანია ფილმში.

„თემურ წიკლაური მაშინ  ანსამბლ „ციცინათელაში“ მღეროდა. ანსამბლის ხელმძღვანელი გადაღებებზე არ უშვებდა, რადგან მის გარეშე იქ ვერაფერს აკეთებდნენ. ასეც მოხდა, ანსამბლი თითქმის ერთი წელი უმოქმედოდ იყო და ამის გამო მისი ხელმძღვანელი ჩემზე გულნატკენი გახლდათ. ერთხელ მითხრა, მანახეთ ერთი ეგ ფილმი, ღირდა კი, ერთი წელი რომ გაგვაჩერეთო?  ნახა და თქვა, ღირდაო… მერე, უკვე ანსამბლ „ივერიაში“ მოღვაწეობის დროს, როცა პირველად გავიდნენ საზღვარგარეთ, თემურმა მანქანის („ჟიგული“ მყავდა) უამრავი ნაწილი ჩამომიტანა, ეს არასოდეს დამავიწყდება…“ – იხსენებდა რეჟისორი გუგული მგელაძე.

თემურ წიკლაურმა კი ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრის დროს ფილმში გადაღების პერიოდი ასე გაიხსენა:  

„ქუჩაში დამინახეს… რაღაც თავყრილობა თუ „პარადი“ იყო, მოვიდნენ, კინოში გადაღება გინდაო? – მკითხეს. მინდა, რატომ არ მინდა-მეთქი. მაშინ 23 წლის ვიყავი. კინოსტუდიაში მოდიო. მივედი. საცდელი სინჯები გადამიღეს და – ვაა, რა კარგი რამეაო, თქვეს. ერთადერთი, იმდენად შავი თმები მქონდა, სახე არ ჩანდა და შემიღებეს, ცოტა სახე მაინც გამოჩნდეს, ადამიანოო… მართლა გეუბნები… ექვსი თვე „პერეკისით“  მღებავდნენ, გიჟს ვგავდი… საწყალი ქალები რას იტანთ? ღმერთო, შენ მიშველე, დამწვარი მქონდა მთელი თავი! ასე გავხდი ბელაფონტე…

ლექსის ავტორი პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკია. ბატონ პეტრესთან შეხვედრა დიდი ბედნიერება იყო. სიმღერას რომ ვარჩევდით, იქ კიდევ ორი სხვა სიმღერა იყო და ჩემზე ააგდეს, შენ როგორ ფიქრობ, რომელიო? ალბათ, ეს-მეთქი, ვუთხარი, იმიტომ რომ სიტყვების თუ მუსიკალური ჰარმონიის მიხედვით უფრო მისაღები იყო ყურისთვისაც და გონისთვისაც. მართალი აღმოვჩნდი…“

სამწუხაროდ, თემურ წიკლაური 2021 წლის პირველ თებერვალს COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა 75 წლის ასაკში.

***

ფილმში ტატას როლს მსახიობი რუსუდან კიკნაძე ასრულებს, რომელიც 2022 წელს, 76 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა.

ტატა მშრომელ, კეთილ ბიჭს, გერასიმეს უყვარდა, ის კი მის გრძნობებს ფლირტით პასუხობდა. ტატას სხვა კაცი მოსწონდა, თუმცა უარს არ ამბობდა, გერასიმესთვისაც დაეხვია თავბრუ. თუ როგორ ვითარდება მოვლენები, ამაზე აღარ ვისაუბრებთ, ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ რუსუდან კიკნაძე ორი წლის განმავლობაში იყო მსახიობ გოგი ხარაბაძის მეუღლე, ჰყავდათ ვაჟი ხარება (ნიკუშა) ხარაბაძე, რომელიც აშშ-ში ტრაგიკულად გარდაიცვალა. მეორე ქორწინებიდან რუსუდან კიკნაძეს დარჩა ვაჟიშვილი – მატვეი შატცი.

 ორმაგი სინათლე რეჟისორის ფანჯრებში

„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ ეკრანზე 1969 წელს გამოვიდა და პოპულარული იყო არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირში. ფილმი უცხოეთშიც გაიცნეს – ის 1972 წელს ლონდონში ქართული ფილმების რეტროსპექტიულ ჩვენებაზე წარადგინეს.

ერთ დღეს თბილისში ძალიან ცნობილი ბრიტანელი კინოკრიტიკოსი გილეტი ჩამოვიდა. სხვა ფილმებთან ერთად „სინათლე ჩვენს ფანჯრებშიც“ უნახავს. ოთარ იოსელიანმა მითხრა, ორმოც წუთს ლაპარაკობდა შენს ფილმზეო. „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ ინგლისში წასაღები კინოსურათების სიაში აღმოჩნდა. ინგლისში მე, რეზო ჩხეიძე და მიშა კობახიძე წავედით. ინგლისელებმა დიდი პატივით მიგვიღეს. ფილმი ისე მოეწონათ, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ინგლისის კინოაკადემიის დირექტორმა თავის აგარაკზეც კი დაგვპატიჟა, რომელიც ლა-მანშსა და ლონდონს შორის მდებარეობდა. მთელი ინგლისის მაღალი საზოგადოება მასთან იყო შეკრებილი. მე, მიშასა და რეზოს განიერი შარვლები (მაშინ მოდაში არ იყო, მაგრამ…) გვეცვა და თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდით, თუმცა რამდენიმე ჭიქის შემდეგ უკვე თავისუფლად ამოვისუნთქეთ. ის იყო, ქეიფის ეშხში შევედით, რომ საიდანღაც ქართული სიმღერა მოგვესმა. კინაღამ გავგიჟდით. თურმე ჩვენს პატივსაცემად ჩვენივე ჩატანილ ქართულ სიმღერებს გვასმენინებდნენ. იცოდნენ, როდის უნდა ჩაერთოთ და…

მახსოვს, ლონდონში მადამ ტიუსოს მუზეუმში შევედით. ეს არის ოთხსართულიანი შენობა, რომლის ერთ სართულზეც თანამედროვე ინგლისელი მწერლების განყოფილებაა. ცვილის ფიგურები ნამდვილ ადამიანებს ისე ძალიან ჰგვანან, გარჩევა გაგიჭირდება. ამ ფიგურების თვალიერებისას ჩემი ყურადღება ერთმა გერმანელმა ქალმა მიიქცია. ეტყობოდა, ძალიან მოსწონდა ყველაფერი, მაგრამ ერთ ფიგურას, რომელიც კუთხეში იდგა და ოდნავ ჩრდილი ადგა, განსაკუთრებით აკვირდებოდა: გაივლის, გამოივლის, დაათვალიერებს სხვა ფიგურებს და ისევ იმ ფიგურას უბრუნდება. უცებ ფიგურამ „კუკუო“ დაიძახა და ცხვირზე მიადო თითი. თურმე მიშა კობახიძე დამდგარა იმ პოზაში და… ქალს გული წაუვიდა. შემოვარდნენ პოლიციელები, კინაღამ დაგვიჭირეს, მაგრამ ეს ქალი გონზე რომ მოვიდა, მიშამ ხელზე აკოცა, ბოდიში მოუხადა და ამით დამთავრდა ეს ამბავი… მოკლედ, ამ ფილმმა ბევრი სიხარული მოგვიტანა, თან უამრავი საინტერესო ამბავიც გადაგვხდა თავს…“ – იხსენებდა გუგული მგელაძე და დასძენდა, რომ იმ წელს, როცა ფილმი ეკრანზე გამოვიდა „ორმაგი სინათლე“ იყო მის ფანჯრებში:

„თუ გახსოვთ, ფილმში ერთ მეგობარს, გვარად მესხს, ვაჟი რომ შეეძინება, რომელიც ოთხ კილოსა და ოთხას გრამს იწონის? იმ პერიოდში ჩემი ვაჟი დაიბადა, რომელიც ზუსტად ამდენს იწონიდა და ეს იდეაც აქედან წამოვიდა. 1969 წელს ორი ბედნიერება მეწვია – ჩემი ვაჟი დაიბადა და ფილმი ეკრანზე გამოვიდა. ორმაგი სინათლე იყო ჩემს ფანჯრებში“.

***

ფილმს სათაური სულიკო ჟღენტმა დაარქვა, რომელიც, გუგული მგელაძის თქმით, გარდა იმისა, რომ „უნიჭიერესი დრამატურგი იყო, სათაურების მოგონების საოცარი ნიჭიც ჰქონდა. ფილმის „ჯარისკაცის მამა“ სათაურიც მისი მოფიქრებულია“.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close