დღეს წითელი პარასკევია – იესო ქრისტეს ჯვარცმის, გარდამოხსნისა და დაკრძალვის დღე
დღეს წითელი (დიდი) პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.
წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც სახარების ის ნაწილი იკითხება, სადაც აღწერილია უფლის ვნების ამბავი.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევლინება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.
მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ყვავილებით მორთული ამაღლებული სადგამი – „საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. მას ტაძარში ერთხელ შემოატარებენ და ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ. შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება და ეს სიმბოლურია, რადგან მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და, მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელ დღეს არაფერს იღებს, ზოგი კი – მხოლოდ პურსა და წყალს.
მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. აგრეთვე, პასქებს აცხობენ, რადგან, სახარების თანახმად, იესო ქრისტე იუდეველთა პასექის დღესასწაულზე აცვეს ჯვარს.
ამავე თემაზე:„ჯვარცმული იესო“ – ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
კომენტარები