სპორტი

ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

29 წლის მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალთან ერთად ფულად პრიზსაც მიიღებს 10 000 ევროს ოდენობით.

მონტენეგროს ქალაქ პეტროვაციში გამართულ ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე მერი არაბიძემ 11-იდან 8,5 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. 29 წლის ქართველი მოჭადრაკე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და ჩემპიონატი ისე დაასრულა, რომ არცერთი პარტია არ წაუგია.

აღსანიშნავია, რომ მერი არაბიძე მეორე ქართველი ქალი მოჭადრაკეა, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. პირველად კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ნანა ძაგნიძემ მოიპოვა 2017 წელს.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში 2000 წლიდან ტარდება.

მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალთან ერთად ფულად პრიზსაც მიიღებს 10 000 ევროს ოდენობით.

პეტროვაციში გამართულ ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე სალომე მელია 8 ქულით მეოთხე ადგილზე  გავიდა, ხოლო ლელა ჯავახიშვილი – მეშვიდეზე, 7,5 ქულით.

ევროპის ჩემპიონატზე სხვა ქართველი მოჭადრაკეების შედეგები ასეთია:

26. ბელა ხოტენაშვილი – 6,5 ქულა
42. ლილე ქორიძე – 6,5
90. დიანა ლომაია – 5
102. ელენე წოწონავა –  4,5
103. ნია დოღვანი – 4,5.

ქალ მოჭადრაკეთა ევროპის 23-ე ჩემპიონატი 18-იდან 29 მარტამდე მიმდინარეობდა და მასში სულ 135 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 9 საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს. მათ შორის 3 ქართველია – მერი არაბიძე, სალომე მელია და ლელა ჯავახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი მერი არაბიძე, აგრეთვე, არის 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული, საჭადრაკო ოლიმპიადისა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close