პოლიტიკასაბერძნეთი

მიცოტაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთში პირველი აპრილიდან მინიმალური ხელფასი გაიზრდება

780 ევრო - ბრუტო (გადასახადების ჩათვლით), 650 ევრო - ნეტო (გადასახადების დაქვითვის შემდეგ); იზრდება უმუშევრობის და კიდევ რამდენიმე სოციალური დახმარება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა დღეს, 17 მარტს განაცხადა, რომ პირველი აპრილიდან მინიმალური ხელფასი გაიზრდება და 780 ევროს (ბრუტო) შეადგენს  (650 ევრომდე ნეტო ანუ გადასახადების გამოქვითვის შემდეგ), რაც დაახლოებით 9,5%-ით მეტია ამჟამად არსებულ მინიმალური ხელფასის ოდენობაზე (713 ევრო). ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

მანვე დასძინა, რომ ეს ზრდა ქვეყნის ამჟამინდელი შესაძლებლობების მაქსიმუმია და შეახსენა საზოგადოებს, რომ 2019 წელს მინიმალური ხელფასი 650 ევრო იყო.

„ილუზია არ მაქვს. ვიცი, ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელფასები ჯერ კიდევ დაბალია და მასზე, ასევე, ზეწოლას ახდენს ინფლაცია. ამის შესახებ მუდმივად მესმის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისაგან, რომლებსაც თანხა გაჭირვებით ჰყოფნით. ეს ახალი ზრდა, რა თქმა უნდა, პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ ის უეჭველად ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მდგომარეობას და უწინარეს ყოვლისა, მოწმობს ჩვენს განზრახვას, გავზარდოთ ხელფასი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიცოტაკისის ინფორმაციაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ზრდას პირველადი სექტორის და მომსახურების სფეროს მუშაკები ნახავენ. IOBE-ს ანგარიშით, სწორედ ამ სექტორში დასაქმებულთა ყველაზე მაღალი პროცენტი იღებს მინიმალურ ხელფასს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ საბერძნეთში 2011 წელს მემორანდუმის ძალაში შესვლამდე დასაქმებულთა ხელფასი ეროვნული კოლექტიური შრომითი შეთანხმების საფუძველზე 751,36 ევროს შეადგენდა, შემდეგ კი რამდენჯერმე შემცირდა ევროკავშირის მოთხოვნით.

შრომის მინისტრმა კოსტის ხაძიდაკისმა აღნიშნა, რომ პირველი აპრილიდან არა მარტო მინიმალური ხელფასი, არამედ საშუალო ხელფასიც იზრდება 12.4%-ით (ΕΡΓΑΝΗ-ის მონაცემებით). მინიმალური დღიური ანაზღაურება 34,84 ევრო იქნება.

მისივე თქმით, თუ მინიმალურ ხელფასს 12 თვეზე დათვლიან, ის 910 ევრო გამოვა.

მინისტრმა განმარტა, რომ მინიმალური ხელფასის ზრდას რამდენიმე სხვა გადასახდელის გაზრდაც მოჰყვება, როგორიცაა, მაგ., უმუშევრობის დახმარება. 2019 წელს უმუშევრობის დახმარება 399 ევრო იყო, შემდეგ 438 ევრომდე გაიზარდა, ახლა კი 479 ევრო იქნება. მისივე ინფორმაციით, მთლიანობაში, 19 სახის სოციალური დახმარების ზრდაა მოსალოდნელი.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close