მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის კანონპროექტის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღების შემდეგ პარიზის ცენტრში მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა (ვიდეო)

საფრანგეთის მთავრობის მიერ სადავო საპენსიო რეფორმის კანონპროექტის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღების შემდეგ პარიზის ცენტრში მანიფესტანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კონსტიტუციის 49.3 მუხლში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილება გამოიყენა, რომელიც მთავრობას ნებას აძლევს, ნებისმიერი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოსთან შეუთანხმებლად მიიღოს.

ამით მაკრონმა აიცილა კანონპროექტის ჩავარდნა კენჭისყრისას პარლამენტის ქვედა პალატაში, სადაც პრეზიდენტის მხარდამჭერ კოალიციას „ერთად!“ უმრავლესობა არ აქვს.

შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მთავრობისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი. ეს უნდა მოხდეს კონსტიტუციის 49.3 მუხლის ამოქმედებიდან 24 საათში. მარინ ლე პენის ოპოზიციურმა „ნაციონალურმა გაერთიანებამ“ განაცხადა, რომ აპირებს, მთავრობის ნდობის საკითხი დააყენოს. ამავე აზრისაა მატილდა პანო, პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ საპენსიო რეფორმის კანონპროექტი არალეგიტიმურია.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს: მოსახლეობამ ქუჩებში გასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა მთავრობის მიერ სადავო საპენსიო რეფორმის კანონპროექტის ნაციონალურ ასამბლეაში (საფრანგეთის პარლამენტი) კენჭისყრის გარეშე მიღების შესახებ განაცხადა 16 მარტს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მანიფესტანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

საპენსიო ასაკის 62-იდან 64 წლამდე გაზრდის შესახებ კანონპროექტი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია, თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close