საბერძნეთი: პოლიციასთან შეტაკება და ცრემლსადენი გაზი პარლამენტის წინ – საპროტესტო აქციები ტემპის ტრაგედიის გამო (ვიდეო)
ათენსა და თესალონიკში 3 მარტს, საღამოს გამართულ საპროტესტო აქციებს არეულობა და პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა.
ათენში დემონსტრანტები მთავარ მოედანზე, სინდაღმაზე საღამოს 7 საათზე შეიკრიბნენ, მათ შორის ბევრი სტუდენტი იყო, რომლებმაც დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლები დაანთეს და მათი მოციმციმე შუქით წარწერა გააკეთეს: „დამირეკე, როცა მოხვალ“. მომიტინგეთა ნაწილმა პარლამენტის შენობის და პოლიციის მიმართულებით სასიგნალო რაკეტები ისროლა, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 5 პოლიციელი დაშავებულია, 4 მომიტინგე დააკავეს. უცნობებმა მონასტირაკიში პოლიციის მანქანა დაწვეს.
საპროტესტო აქციას არეულობა და შეტაკებები მოჰყვა ქალაქ თესალონიკშიც: ახალგაზრდებმა პოლიციელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.
დემონსტრანტები საბერძნეთში 28 თებერვალს მომხდარ სარკინიგზო კატასტროფაზე პასუხისმგებლობას რკინიგზის ხელმძღვანელობას და ხელისუფლებას აკისრებენ.
აქციის გამართვამდე ათასობით დემონსტრანტი საბერძნეთის რკინიგზის ოფისთან მივიდა პლაკატებით, რომელზეც ეწერა: „კრიმინალები“.
საბერძნეთში 28 თებერვალს, 23;04 სთ-ზე მომხდარ სარკინიგზო ავარიას, ბოლო მონაცემებით, 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ავარია „ადამიანურმა შეცდომამ“ გამოიწვია. დაკავებულია სადგურ ლარისის უფროსი, რომელიც დღეს წარდგება მოსამართლის წინაშე. მიმდინარეობს გამოძიება კატასტროფის მიზეზების დასადგენად.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები