ესპანეთის პოლიციამ 25 ქართველი დააკავა, რომლებიც სახლებს ძარცვავდნენ (ვიდეო)
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ დააკავა საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებიც მადრიდის პროვინციაში ბაზირებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში იყვნენ გაერთიანებულები. ორგანიზაციის წევრები, რომელსაც „კანონიერი ქურდები“ ხელმძღვანელობდნენ, ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე სახლებს ძარცვავდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან, სულ ცოტა, 14 სახლის გაძარცვაში.
ისინი ამორჩეული სახლების კარებზე პლასტიკის მარკერებს ან უხილავ ძაფებს ათავსებდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შიგნით არავინ იმყოფებოდა. ძარცვა, ძირითადად, ღამით ან შაბათ-კვირას ხდებოდა, განსაკუთრებით ზაფხულის არდადეგების პერიოდში, აღდგომასა და შობას. კრიმინალები სარგებლობდნენ იმით, რომ ამ დროს პატრონები სახლიდან დიდი ხნით გადიოდნენ.
ესპანეთის პოლიციის ცნობით, ოპერაცია ქართველი კოლეგების ხელშეწყობით ჩაატარეს, შედეგად ლიკვიდირებულ იქნა ქართველი კრიმინალების ტრანსნაციონალური ორგანიზაცია, რომელსაც „კანონიერი ქურდები“ (‘Ladrones en Ley’) ხელმძღვანელობდნენ.
🚔 Desarticulamos una organización criminal dedicada a cometer robos en #domicilios 🏠
🚨25 detenidos en #Madrid
👉En colaboración con las autoridades de #Georgia
🔹Marcaban las 🚪 con testigos de plástico o hilos para averiguar si los moradores estaban en la vivienda pic.twitter.com/nxOPw1BGs2
— Policía Nacional (@policia) February 18, 2023
ესპანეთის ეროვნული პოლიციის მონაცემებით, გამოძიება ამ საქმეზე 2022 წელს დაიწყო – მას შემდეგ, რაც აგენტებმა მობილური ჯგუფის არსებობის შესახებ შეიტყვეს, რომელიც მადრიდის თემში (Comunidad de Madrid) სახლებს ძარცვავდა. არსებობს ეჭვი, რომ ალკობენდასსა და ქალაქ მადრიდის რამდენიმე რაიონში მომხდარი ძარცვაც მათ უკავშირდება.
გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ორგანიზაცია ძალიან იერარქიული, დანაწევრებული, მძლავრი კრიმინალური სტრუქტურით გამოირჩეოდა, რომელშიც ქცევის რკინის კოდექსი მოქმედებდა ლიდერის დასაცავად, რაც მას მოუხელთებელს ხდიდა პოლიციისთვის, რადგან თუ რომელიმე წევრს დაიჭერდნენ, სწრაფად ხდებოდა რეორგანიზება.
ძარცვის განსახორციელებლად ისინი 2-5-კაციან ოპერატიულ ჯგუფებად იყვნენ დაყოფილები, რომელთაგან თითოეულში იყო პასუხისმგებელი პირი. ორგანიზაციის წევრებს სპეციალურად შექმნილი ფართო ლოგისტიკური ქსელი სხვადასხვა ქვეყნის ყალბი დოკუმენტებით ამარაგებდა. ორგანიზაციის წევრებისთვის ბინებს სხვა პირები ქირაობდნენ, რაც მძარცველთა ადგილმდებარეობის უსაფრთხოებას და მათ მობილობას განაპირობებდა.
მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყველა ინფორმაცია შეაგროვეს, შვიდი ჩხრეკა ჩაატარეს და ორგანიზაციის 25 წევრი დააკავეს, რომლებსაც, სულ მცირე,14 სახლის ძარცვაში ედებათ ბრალი.
ჩხრეკისას ამოღებულია 32 ელიტური კლასის საათი, 259 ცალი სამკაული – კულონები, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ძვირფასი ქვები, 79 ელექტრონული მოწყობილობა – მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები და მეხსიერების მოწყობილობები, ტანსაცმელი და აქსესუარები, ფუფუნების საგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები.
მიმდინარეობს გამოძიება და არ არის გამორიცხული, რომ ორგანიზაციის სხვა წევრებიც დააკავონ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები