ნანგრევებში დაბადებული, სასწაულით გადარჩენილი ჩვილის შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა მთელი მსოფლიოდან (ვიდეო)
სირიაში ნანგრევების ქვეშ დაბადებული ბავშვის შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა – ახალშობილს აია დაარქვეს, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს.
6 თებერვალს სირიაში მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა იმშობიარა. მედიის ინფორმაციით, ახალშობილი ჯერ კიდევ ჭიპლარით იყო დედასთან დაკავშირებული, როდესაც ისინი იპოვეს.
მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოახერხეს ჭიპლარის გადაჭრა, ახალშობილი ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა – ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.
ახალშობილი, რომელსაც აია დაარქვეს (Aya – არაბ. სასწაული) ერთადერთი გადარჩენილია მთელი ოჯახიდან – მისი დედა, მამა და სამი და-ძმა ნანგრევებში დაიღუპნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გარბის მამაკაცი ახალშობილით ხელში, რომ პატარა საფრთხეს გამოარიდოს. მისი ყურადღება რომ მიიპყრონ, უყვირიან და რაღაც საგანს ესვრიან, რომელიც საბანს ჰგავს.
ბავშვი ახლომდებარე ქალაქ აფრინის საავადმყოფოში მოათავსეს. მკურნალი ექიმის თქმით, გოგონა ორშაბათს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს, მას სიცივისგან ხელ-ფეხი გალურჯებული ჰქონდა, მთელ სხეულზე სისხლჩაქცევები და ჭრილობა აღენიშნებოდა. ამჟამად ექიმები იმედიანად არიან – გოგონას მდგომარეობა სტაბილურია.
სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი წერს, რომ უნდა გოგონა იშვილოს და იგი საუკეთესო პირობებში აღზარდოს. ქუვეითის ტელევიზიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში გამოთქვა აიას შვილად აყვანის სურვილი.
საავადმყოფოს მენეჯერი, ხალიდ ატია (Khalid Attiah) ამბობს, რომ მთელი მსოფლიოდან მას ათობით ადამიანი ურეკავს, რომლებსაც აიას შვილად აყვანა სურთ. „ახლა არავის მივცემ აიას შვილად აყვანის უფლებას, სანამ ბავშვის რომელიმე, თუნდაც შორეული ნათესავი არ გამოჩნდება. მე მას ისე ვექცევი, როგორც საკუთარ შვილს“, – თქვა ექიმმა ატიამ, რომელსაც ახალშობილზე სულ რაღაც ოთხი თვით უფროსი ქალიშვილი ჰყავს.
მისი მეუღლე საკუთარ 4 თვის გოგონასთან ერთად ძუძუთი კვებავს პატარა აიასაც, რომელიც მიწისძვრის შემდეგ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სასწაულის (Aya) სიმბოლო გახდა.
მანანა ბანძელაძე
p. s. ბოლო მონაცემებით, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვმა 23 ათასს გადააჭარბა ორივე ქვეყანაში – თურქეთსა და სირიაში. მათ შორის უცხოელებიც არიან. ნანრევებში თურქეთში, სამწუხაროდ, საქართველოს 3 მოქალაქეც დაიღუპა.
კომენტარები