ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის „თვალით“ დანახული საქართველო – რას იტყოდა დავით აღმაშენებელი თანამედროვე საქართველოზე და როგორი იქნებოდა საქართველო და მისი ქალაქები, ახალგაზრდა ქალის სახით რომ წარმოგვედგინა?

კომპანია Open AI-ის მიერ შექმნილი ჩეთბოტი ChatGPT რეკორდს რეკორდზე ხსნის. მან  10 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი სულ რაღაც 40 დღეში შეიძინა, მაშინ როდესაც Instagram-ს ამისთვის ერთ წელზე მეტი დასჭირდა. ChatGPT-ის გამოყენება უფასოა და ამ ნეიროქსელით სარგებლობისთვის Open AI-ს  ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეთ. აქვე გეტყვით, რომ Gmail-ის შემქმნელის, პოლ ბუხეიტის ვარაუდით, ChatGPT 2 წელიწადში გაანადგურებს Google-ის საძიებო სისტემას. 

ჩეთბოტი ChatGPT რამდენიმე ენაზე „მეტყველებს“, თუმცა ქართული „უჭირს“ – ჯერ კარგად არ ესმის და ვერც გამართულ პასუხს იძლევა, გრამატიკულ შეცდომებს უშვებს და ქართულ ენაზე მოწოდებული მისი ინფორმაცია ფაქტობრივ უზუსტობებსაც შეიცავს. „რადიო თავისუფლება“ მას რამდენიმე საათის განმავლობაში „ელაპარაკა“. მათთან „საუბარში“ ChatGPT ხშირად „ამბობდა“, რომ მისი პასუხები არ უნდა განვაზოგადოთ და მეტის გაგება თუ გვინდა, ინფორმაცია თავად უნდა მოვიძიოთ.

აი, ერთი ფრაგმენტი ამ „საუბრიდან“:

„რადიო თავისუფლება: დავით აღმაშენებელს დღევანდელი საქართველო რომ ენახა, რას იტყოდა?

Chat GPT: დავით IV, იგივე აღმაშენებელი, იყო მეფე, რომელიც საქართველოს მე-12 საუკუნეში მართავდა. მისი მთავარი მიზანი ქვეყნის გაძლიერება და გარე მტრებისგან დაცვა იყო, ამიტომ ალბათ ძალიან დაამწუხრებდა ის, რომ საქართველო ვერ აკონტროლებს თავის ორ რეგიონს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და დანამდვილებით ვერ გვეცოდინება, რას იტყოდა“.

გამოცემა on.ge-მ კი  ნეიროქსელ Midjourney-ს, რომელიც ტექსტური აღწერის მიხედვით სურათებს ქმნის, საქართველოს, მისი რეგიონების და მისი ქალაქების ახალგაზრდა ქალის სახით წარმოდგენა სთხოვა. აქვე გეტყვით, რომ Midjourney 22 თებერვალს ერთი წლის ხდება – სწორედ 2022 წლის 22 თებერვალს გაუშვა ის ამერიკელმა მეცნიერმა და მეწარმემ, დევიდ ჰოლცმა.

Midjourney-ს გამოყენებაც ნებისმიერს შეუძლია, თუმცა უფასოდ – შეზღუდული რაოდენობით, 25 სურათი, დანარჩენისთვის უკვე უნდა გადაიხადოთ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close