მსოფლიოკრიმინალი

ესპანეთში უკრაინელ დევნილებს იატაკქვეშა ფაბრიკებში ამუშავებდნენ არაადამიანურ პირობებში

ოფიციალური სტატუსის მქონე დევნილი უკრაინელებიდან დასაქმება მხოლოდ 13%-მა შეძლო

ესპანეთის პოლიციამ ინტერპოლთან ერთად დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც უკრაინელ დევნილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ სამ იატაკქვეშა თამბაქოს ფაბრიკაში. ამის შესახებ ესპანეთის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება.

პოლიციის მიერ 22 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, დაჯგუფებას ქვეყანაში, სავარაუდოდ, კონტრაბანდის გზით შეჰქონდა დიდი ოდენობით თამბაქო, უკანონოდ ამზადებდნენ სიგარეტებს და ესპანეთსა და მეზობელ ქვეყნებში ყიდდნენ. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფება სიგარეტის იატაკქვეშა ფაბრიკებში ესპანეთში ჩასულ უკრაინელ დევნილებს არალეგალურად ამუშავებდა არაადამიანურ პირობებში, ზენორმატიული სამუშაო დღის განრიგით; მათგან ზოგს დევნილის სტატუსი აქვს, ზოგი კი ქვეყანაში არალეგალურად არის შესული.

პოლიციის ინფორმაციით, უკრაინელი მუშახელი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა სპეციალურად მათთვის მოწყობილ კონტეინერებში, ბანდის ლიდერები კი „დიდი ოდენობით ფულს ათეთრებდნენ“ და კურორტ მარბელაში „ფუფუნებაში ცხოვრობდნენ“.

პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულია 27 ადამიანი, კონფისკებულია 10 ტონა თამბაქოს ნედლეული და 3,5 მლნ კოლოფი სიგარეტი.

Tesorería General de la Seguridad Social-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შრომისუნარიანი ასაკის 109 338 უკრაინელიდან, რომლებმაც ესპანეთში ცხოვრების და მუშაობის უფლება მიიღეს 2022 წელს, სამუშაოზე მოწყობა მხოლოდ 13 695-მა (13%-ზე ნაკლები) შეძლო.

მთავარი დაბრკოლება ენის უცოდინარობაა, – განმარტა სააგენტო EFE-სთან დევნილთა საქმეების ესპანური კომისიის წარმომადგენელმა რაკელ სანტოსმა. დასაქმებისთვის საჭიროა, სულ ცოტა, A1 ან A2 დონე, ამ დონემდე ენის ასათვისებლად კი, სტატისტიკის თანახმად, ნახევარი წელია საჭირო.

მისივე თქმით, ამჟამად სიტუაცია უმჯობესდება, ჩნდება მეტი შესაფერისი ვაკანსია.

მათგან, ვინც სამუშაოზე მოეწყო, უმეტესობა მომსახურების, მშენებლობის, პროგრამირების სფეროშია დასაქმებული.

რაკელ სანტოსის თქმით, განათლების და პროფესიული მომზადების დონე უკრაინელებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე საშუალოსტატისტიკურ დევნილებს, თუმცა მათ ხშირად უწევთ დათანხმება უფრო დაბალ პოზიციაზე, რომელიც მათ კვალიფიკაციას არ შეესაბამება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close