აჩიკო ბერიძის სულისშემძვრელი ამბავი ქართველ ემიგრანტებზე: „შუა სიმღერის დროს დარბაზიდან ისეთი ტირილის ხმა მოგვესმა, სიმღერა ვეღარ გავაგრძელე…“
აჩიკო ბერიძე „ფორტუნას“ ექსკლუზიურად უყვება „ალილოს“ აშშ-ში გასტროლების და ქართველი ემიგრანტების უსაზღვრო სიყვარულისა და ცრემლების შესახებ, რომლებიც მათ კონცერტებს ახლდა…
აჩიკო ბერიძე, „ალილოს“ წევრი:
მართლა ემოციურია, არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ საზღვარგარეთ ჩვენი ყველა გასვლა.
სანამ ამერიკულ გასტროლებზე მოგიყვებით, მანამდე საბერძნეთში ჩვენი კონცერტი მინდა გავიხსენო. ნათია ზეინკლიშვილის სიმღერას „მათქმევინე“ რომ ვასრულებდით, შუა სიმღერის დროს, როცა მუსიკალური პაუზა იყო და ვემზადებოდით მეორე კუპლეტის დასაწყებად, ისეთი ტირილის ხმები მესმოდა დარბაზიდან, სიმღერა ვერ დავიწყე… გია დავითიანს ვთხოვე, შენ დაიწყე-მეთქი.
შენც მოგადგა თვალზე ცრემლი?
ბურთი გამეჩხირა ყელში და ხმა ვერ ამოვიღე.
სულ ასე ხდება. ამერიკაში ისეთი ხალხი ვნახე, 27 წელი საქართველოში ნამყოფი რომ არ არიან. რომ შედიხარ, გაშტერდებიან. ემოციურად ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მერე შევეჩვიე. გაკვირდებიან, მათი იმედი ხარ…
გასტროლები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის დათვალიერება, კონცერტის ჩატარება, ჰონორარის აღება, ვალდებულების შესრულება და უკან დაბრუნება. გარდა ამისა, ეს, პირველ რიგში არის, ადამიანური წმინდა ურთიერთობები, ვალდებული ხარ, რომ გასცე, დაიცალო. მაშინ ხვდები პასუხისმგებლობას, რაც ჩვენს პროფესიას ახლავს.
კონცერტზე ბავშვებითაც მოდიოდნენ?
ისეთი ბავშვები იყვნენ, რომლებიც საქართველოში საერთოდ არ არიან ნამყოფები. ქართულად ძალიან მაგრად საუბრობენ, ლექსებს ამბობენ და მღერიან, სულ გეხუტებიან, ხომ მალე ჩამოხვალთ და არ დაგვტოვებთო… გეუბნებით, იქაურ ქართველებთან შეხვედრა ძალიან ემოციურია. თითიდან გამოწოვილ თემებზე რომ კეთდება გადაცემები, ემიგრაციაში იმდენი რამ ხდება, სწორედ იქ უნდა მომზადდეს ბევრი გადაცემა, იმდენი საინტერესო რამ ხდება, ნოლიდან რომ დაიწყეს და დიდი პროფესიონალები არიან. უამრავი ისტორია ხდება იქ…
ნინი შერმადინის დაბადების დღეზე როგორ აღმოჩნდი?
ჩემი მეგობარია ირაკლი შარაძე. მისი იდეა იყო, რომ ნინის დაბადების დღეზე სიურპრიზი გაგვეკეთებინა. მანამდეც ვიცნობდი ნინის და სიამოვნებით დავთანხმდი. ცოტა ხნით შევურბინეთ და მივულოცეთ. გამიხარდა, რომ კარგად არის.
უახლოეს პერიოდში იგეგმება საზღვარგარეთ გამგზავრება?
არა. ახლა საახალწლო სამზადისი გვაქვს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვაპირებთ კონცერტებით ჩასვლას.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
კომენტარები