საზოგადოებასაბერძნეთი

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში, ბიძგებმა ათენიც შეაშფოთა (ვიდეო)

ძლიერი მიწისძვრა მოხდა დღეს, 14:24 სთ-ზე (ადგილობრივი დროით) ბერძნულ კუნძულ ევიაზე (ევბეა), ფსახნიდან 7 კილომეტრის დაშორებით. თავდაპირველი შეფასებით მისი სიმძლავრე რიხტერის სკალით 5,1 ბალი იყო.

მიწისქვეშა ბიძგები უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა და ძალიან საგრძნობი იყო, მათ შორის, ათენში, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს.

ეს არ არის პირველი მიწისძვრა რეგიონში. თითქმის ერთი თვის წინათ, 29 ნოემბერს კუნძულ ევიის მახლობლად 5.3 მაგნიტუდის ბიძგების სერია დაფიქსირდა, შემდეგ, 3 დეკემბერს – 4 და 3.9 ბალი, ხოლო 14 დეკემბერს – 4,3 ბალი, თუ არ ჩავთვლით მცირე ბიძგებს 3,9 მაგნიტუდამდე.

დღეს ევიაზე (ევბეა) მომხდარი მიწისძვრა ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტმა რიხტერის სკალით 5,1 ბალით შეაფასა,  ევროპის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტმა კი – 5,2 ბალით. წყაროს ფოკუსური სიღრმე 13,2 კმ იყო.

მოგვიანებით დაზუსტდა, რომ მიწისძვრა 4,9 მაგნიტუდის იყო.

მიწისძვრას 25 წუთის განმავლობაში 4 აფტერშოკი მოჰყვა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი იყო 3,4. ყველაზე სუსტი – 2.0 მაგნიტუდის.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ძლიერმა ბიძგებმა შეაშინა, აღინიშნა მცირე დაზიანებები.

სეისმოლოგი გერასიმოს პაპადოპულოსი წერს, რომ 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა ცენტრალურ ევიაში მოხდა, რომელიც სამხრეთ ევიაზე ნოემბერში მომხდარ მიწისძვრებთან არავითარ კავშირში არ არის. მისი ინფორმაციით, სეისმური აქტივობა ამ მხარეში ბოლოს 2003 წელს დაფიქსირდა. სეისმოლოგი მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოწვეული სეისმური რისკის შეფასების კომისია.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის გეოდინამიკური ინსტიტუტის კვლევების მიმართულების დირექტორმა ათანასიოს განასმა kathimerini.gr-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიწისძვრა მოხდა ფსახნა ევიის რაიონში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხარეში პერიოდულად ხდება 5 მაგნიტუდამდე მიწისძვრები, რაც ჩვეულებრივი ამბავია. „ამრიგად, ეს მიწისძვრა შეესაბამება რეგიონის პროფილს“, – განაცხადა მან. სეისმოლოგის თქმით, დღევანდელი მიწისძვრის ფოკუსური კერა ზედაპირთან ახლოს იყო, ამიტომ იგრძნობოდა ბიძგები ასე ძლიერ. „კერა ნოემბრის მიწისძვრების გამომწვევი რღვევისგან განსხვავებულ უბანში მდებარეობს, ისინი ერთმანეთისგან 60 კილომეტრის დაშორებით არიან“, – განმარტა განასმა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close