fbpx
ფსიქოლოგიარჩევები

როგორ ვიპოვოთ „სიხარულის პატარა ნაჭრები“ და დავტკბეთ მათით? – ფსიქოლოგების პასუხი

დატვირთულ და სწრაფად ცვალებად ყოველდღიურობაში ხშირად გვჭირდება დაძაბულობის თუ სტრესის ანტიდოტი. ამისათვის ფსიქოლოგები ძალიან „მარტივ“ გზას გვთავაზობენ – ვიპოვოთ „სიხარულის პატარა ნაჭრები“ მთელი დღის განმავლობაში და დავტკბეთ მათით. სხვა სიტყვებით, ყოველი დღის სასიამოვნო და ზოგჯერ რუტინულ გამოცდილებაზე მორგებით შეგვიძლია, ჩვეულებრივი მომენტები უფრო მნიშვნელოვან ან უბრალოდ სახალისოდ ვაქციოთ.

კოლეგასთან ერთად სადილი; ძაღლის გასეირნება; მეგობართან საუბარი; საყვარელი შოუს ყურება ან ფინჯანი ყავის დალევა – ახალი კვლევის მიხედვით, ასეთი პატარა სასიხარულო დეტალებით ტკბობა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. „ესენი არ არის ძნელად შესასრულებელი და დასაგეგმი ქმედებები. არამედ, ეს არის მცირე ყოველდღიური გამოცდილება, რომელიც ყველაფერს აზრს სძენს“, – ამბობს ჯოშუა ჰიქსი, A&M უნივერსიტეტის ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის პროფესორი.

სიხარულის მეცნიერება

კვლევების თანახმად, სიხარული აშკარად დადებითი ემოციაა, როდესაც მნიშვნელოვან კავშირს ვგრძნობთ რაღაცასთან ან ვიღაცასთან. ფსიქოლოგ ფილიპ უოტკინსის მტკიცებით, სიხარულის გრძნობები მჭიდრო კავშირშია სუბიექტურ კეთილდღეობასთან, რაც აუცილებელია ადამიანის კეთილდღეობისთვის. რა თქმა უნდა, დიდი ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილები ან კორპორაციული საღამოები, სიხარულის მისაღებად საუკეთესო საშუალებაა, თუმცა მცირედი სასიხარულო მომენტებიც ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველდღიურობაში ადვილი მისაღწევია, თუ სათანადო ყურადღებას დავუთმობთ.

ამასთან, არაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ცხოვრების მნიშვნელობა სამი ძირითადი ფაქტორით განისაზღვრება:

  1. ჩვენს ცხოვრებას აქვს აზრი;
  2. ჩვენს ცხოვრებას აქვს მიზანი;
  3. ჩვენს ცხოვრებას აქვს მნიშვნელობა.

ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომლის ექსპერიმენტებშიც 3000-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, აჩვენა, რომ ცხოვრებისეული გამოცდილების ან ემპირიული შეფასება კიდევ ერთი ძლიერი გზაა არსებობისთვის მეტი აზრის მისანიჭებლად. „ეს არ გულისხმობს იმას, რომ რაღაცას თავად ანიჭებთ აზრს, არამედ უკვე არსებული მნიშვნელობის აღმოჩენაც უნდა შეგეძლოთ“, – განმარტავენ მკვლევრები.

შესაძლოა აქ კითხვაც კი გიჩნდებათ: რა კავშირშია ყავის დალევა საკუთარ გამოცდილებაზე ფოკუსირებასთან? რეალურად, კოლეგასთან ყავის ან საყვარელი საჭმლის გაზიარებით კავშირს ვამყარებთ მათთან, ვისთანაც ყველაზე მეტ სიახლოვეს ვგრძნობთ. მაგალითად, ურთიერთობების კვლევის თანახმად, წყვილებს, რომლებიც რეგულარულად აღნიშნავენ მცირე მოვლენებს და არა მხოლოდ იუბილეებს, ძლიერი და ბედნიერი პარტნიორობა აქვთ.

ასეთივე სასიხარულოა, როცა დროს უთმობ იმ ადამიანს, რომელიც ყოველთვის შენთანაა: ანუ საკუთარ თავს. ისეთი მცირე ქმედებები, რომლებიც უბრალოდ ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებთ, აუცილებლად ყოველდღიურობის ნაწილად უნდა იქცეს, რათა ე. წ. ემოციური საწვავი გქონდეთ.

„სიხარულის შექმნა არ შეგიძლია, მაგრამ შეგიძლია, მოემზადო ამისთვის“, – აღნიშნა უოტკინსმა. მკვლევრები სწავლობენ, როგორ შეიძლება, ადამიანები უფრო მგრძნობიარენი გახდნენ ბედნიერი მომენტების მიმართ. მაგალითად, წარსულის სასიამოვნო მოგონებებზე ხშირმა საუბარმა შეიძლება სამომავლოდ სიხარულისადმი მიდრეკილება გაზარდოს. უბრალოდ, უოტკინსის თქმით, მეტი მუშაობაა საჭირო იმაზე, რომ „მხიარული ცხოვრების წესი“ განვავითაროთ.

გარდა ამისა, მადლიერების გაზრდა მეტი სიხარულის შეგრძნებას უწყობს ხელს. მაგალითად, ერთ კვლევაში უოტკინსმა და მისმა კოლეგებმა სპეციალური კითხვარი გამოიყენეს მადლიერებისა და სიხარულის კავშირის დასადგენად. როგორც აღმოაჩინეს, რაც უფრო მადლიერია ადამიანი, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალში სიხარული იგრძნოს და პირიქით.

„სიხარული და მადლიერება ერთგვარად კვებავს ერთმანეთს. ჩვენ ამას სათნოების ციკლს ვუწოდებთ“, – ამბობს უოტკინსი. ამიტომაც შეგიძლიათ დღის განმავლობაში ჩამოწეროთ ის ყველაფერი, რაც გაბედნიერებთ.

.marketer.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close