მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

კიევში „უძლეველობის ნაძვის ხე“ აანთეს

კიევში 19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, „უძლეველობის ნაძვის ხე“ აანთეს. მისი ფოტო კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამზე გამოაქვეყნა.

უკრაინის მთავარი ნაძვის ხე, ტრადიციულად, უკრაინის დედაქალაქში სოფიას მოედანზე დადგეს.

ვიტალი კლიჩკო წერს, რომ წელს დიდი დისკუსია იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა დაედგათ თუ არა ნაძვის ხე – იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა  საომარი მდგომარეობის, სარაკეტო თავდასხმებისა და ელექტროენერგიით მომარაგებაში შეფერხებების პირობებში ცხოვრობს.

„მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ნაძვის ხე უნდა იყოს! ჩვენს შვილებს დღესასწაული უნდა ჰქონდეთ! მიუხედავად რუსი ბარბაროსების ყველა მცდელობისა, უკრაინელებს შობა-ახალი წლის ხალისი წაართვას“, – წერს ტელეგრამში მერი. მისივე თქმით, წლევანდელი ფორმატი განსხვავებულია, ნაძვის ხე უფრო „მოკრძალებულია“, არ არის ისე ელეგანტური, როგორც შარშან და მისი სიმაღლეც 12 მეტრია (შარშან 31 მეტრი იყო). „ჩვენ მას ვუწოდეთ „უძლეველობის ნაძვის ხე“, – აცხადებს კლიჩკო.

მისივე ინფორმაციით, ნაძვის ხე ენერგოეკონომიური გირლანდებით მორთეს, რომლის კვების წყარო გენერატორია.

როგორც ცნობილია, უკრაინას ელექტრომომარაგების პრობლემები აქვს რუსეთის მიერ ენერგომომარაგების ობიექტებზე გამიზნული სარაკეტო დარტყმების გამო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close