დღის თემარჩევები

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე დამდეგი ახალი წლისთვის, რომ იღბალი და ბედნიერება მოიზიდოს (ფოტოები)

2023 წლის მფარველი, მოგეხსენებათ, შავი წყლის კურდღელია. მომავალი წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის 12 ციკლიდან მეოთხე ციკლის დასაწყისი იქნება, რადგან, ლეგენდის თანახმად, კურდღელი იყო მეოთხე ცხოველი, რომელიც ბუდას მოწვევას გამოეხმაურა. აღმოსავლურ ჰოროსკოპში რამდენიმე ციკლია გაერთიანებული. 12 ცხოველიდან თითოეული გადის 5 სტიქიას, რომელთაგან, აღმოსავლური რწმენის თანახმად, სამყარო შედგება: ლითონი, ხე, წყალი, ცეცხლი და მიწა. და ციკლების მიხედვით შავი წყლის კურდღლის წელი მხოლოდ 60 წელიწადში ერთხელ მეორდება.

კურდღელს სტუმართმოყვარეობა, გულითადობა, საზრიანობა ახასიათებს, უყვარს და აფასებს ოჯახს. ამიტომ რეკომენდებულია ახალი 2023 წლის აღნიშვნა სახლში, მყუდრო გარემოში და უახლოეს ადამიანების გარემოცვაში.

კურდღლის წელს იღბლიანი ფერებია: წითელი, ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი. ნაძვის ხის გაფორმება შესაძლებელია ამ 4 ფერიდან ერთ-ერთის გამოყენებით, ან შეგიძლიათ ეს ფერები დეკორში შეუხამოთ ერთმანეთს.

წითელი კლასიკური საახალწლო ფერია. ის განწყობას გვიმაღლებს და ენერგიით გვმუხტავს. ამ ფერის დეკორი სადღესასწაულო განწყობას ქმნის.

უპირველეს ყოვლისა, უმჯობესია, ოთახში ბუნებრივი ნაძვის ხე დადგათ. მოერიდეთ პლასტმასის დეკორაციებსა და სათამაშოებს, მტაცებელი ცხოველები დაივიწყეთ. იღბლის მოსაზიდად უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ ხის, ქაღალდის და ქსოვილისგან დამზადებულ სათამაშოებს,

თუ გსურთ, რომ სინაზის და ჰარმონიის ატმოსფერო შექმნათ, რაც შავი წყლის კურდღელს ასევე მოეწონება, მაშინ ვარდისფერს მიანიჭეთ უპირატესობა და ამ ფერის სათამაშოებით, დეკორაციებით მორთეთ ნაძვის ხეც და ინტერიერიც. ვარდისფერი განტვირთვის ფერიცაა.

2023 წლის კიდევ ერთი ფერი იასამნისფერია. ეს არის სიმშვიდის ფერი, რომელიც აწყნარებს და სულიერ კომფორტს ანიჭებს ადამიანს. იმისათვის, რომ იასამნისფერი ჰარმონიულად მოერგოს თქვენი ბინის ინტერიერს, არ გამოიყენოთ ის დიდი რაოდენობით. იასამნისფრის ტონებით მორთულ ნაძვის ხეს თეთრი ან ლითონის ფერების სათამაშოებიც მოუხდება და ერთად ძალიან ლამაზი და ჰარმონიული იქნება.

ლურჯი კი აღიქმება, როგორც მშვიდი და ძლიერი ფერი. ის განტვირთვისთვისაა მოწოდებული და  მშვიდობისა და ჰარმონიის განცდას ქმნის; ზემოქმედებს ემოციებზე, ამშვიდებს გრძნობებს და შფოთვას აცხრობს. ლურჯი სათამაშოები შეიძლება შეუხამოთ ოქროსფერს, სპილენძისფერს, ყავისფერს, ნაცრისფერს და  ვერცხლისფერს.

ვინაიდან 2023 შავი წყლის კურდღლის წელია, შავი ფერიც არ უნდა დავივიწყოთ. ის იდუმალებასა  და მისტიკასთან ასოცირდება. ეს ფერი ხაზს გაუსვამს ინტერიერის ელეგანტურობას და დიდებულებას.

შავი ფერი წარმატებით შეიძლება შეუხამოთ ოქროსფერს, თეთრს, ნაცრისფერს და ვერცხლისფერს.

ამ ფერებიდან რომელიც არ უნდა აირჩიოთ თქვენი სახლის საახალწლო მორთულობის მთავარ ფერად, დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად დაგებედებათ იღბალი, წარმატება და ბედნიერება მომავალ წელს!

თამთა გურული

ფოტოები: maxchristmas-store

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close