ეკონომიკაიტალია

იტალიის ქალაქ ბარიში ტურისტული გადასახადი შემოაქვთ

იტალიის ქალაქ ბარიში, სავარაუდოდ, უკვე იანვრიდან ტურისტულ გადასახადს (tassa di soggiorno per i turisti) შემოიღებენ. ამ საკითხზე მუნიციპალიტეტში ტექნიკური თათბირი უახლოეს დღეებში გაიმართება.

გადასახადს ამოიღებენ იმ ვიზიტორებისგან, რომლებიც სასტუმროებსა თუ განთავსების სხვა ადგილებში გაჩერდებიან. გადასახადის ოდენობა დღიურად 1.5-იდან 4 ევრომდე იქნება – იმის მიხედვით, 2-ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდება ვიზიტორი თუ ექსტრა ლუქს კლასის სასტუმროში. ჯერჯერობით ეს რიცხვები მხოლოდ თეორიული შეთავაზებაა – ამ დღეებში ბარის ტურიზმის დეპარტამენტის სპეციალისტები განთავსების ობიექტების მფლობელებს შეხვდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგენენ  ტურისტული გადასახადის ოდენობას.

ეს არის პატარა რევოლუცია ქალაქის საგადასახადო სისტემისთვის. ბარიში სტუმრობის გადასახადი – ეს არის მოსაკრებელი, რომლის თანხაც მიმართული იქნება საზოგადოებრივი სამუშაოებისა და სხვა ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსებისკენ იქნება მიმართული, რომლებიც ტურიზმის სექტორის საერთო ინტერესს წარმოადგენს.

2006 წელს მაშინდელი პრემიერის, რომანო პროდის მთავრობის მიერ შემოღებულმა ამ გადასახადმა გასულ წლებში მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა ტვირთი ბევრ იტალიურ ქალაქს. ეს გადასახადი უკვე ძალაშია იტალიის მრავალ ტურისტულ რეგიონში, თუმცა ბარიში ამ დრომდე არ ყოფილა. სწორედ ზაფხულში ვიზიტორთა რაოდენობამ დაარწმუნა ბარის მერი – ანტონიო დეკარო გადასახადის აუცილებლობაში. Puglia Promozione-ს ანგარიშის თანახმად, ბარის მიმდინარე წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით 435 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია, რომელთაგან თითოეულმა ქალაქში, საშუალოდ, 2 ღამე გაათენა. მიახლოებითი გათვლებით, ტურისტული გადასახადიდან ქალაქის შემოსავალი  2,5 მლნ ევრომდე იქნება – ეს თანხა ძალიან გამოადგება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, რომელმაც დიდი დარტყმა მიიღო ჯერ პანდემიის გამო და შემდეგ ინფლაციისგან.

დოკუმენტი გამონაკლისებსაც გაითვალისწინებს – გადასახადის შემოღების მიზანია, ამოიღონ მცირედი ფასნამატი ტურისტებისგან და არა მათგან, ვინ იძულებულია, ბარიში გადაუდებელი საჭიროებებისთვის ჩავიდეს. სტუდენტებიც გათავისუფლებულები იქნებიან ამ გადასახადისაგან, ხოლო მრავალრიცხოვან ოჯახებს სპეციალურ პრაის-ლისტს შესთავაზებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close