იტალიაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ (ვიდეო)
იტალიის კუნძულ ისკიაზე, ქალაქ კაზამიჩოლაში (კამპანიის რეგიონი) 26 ნოემბერს მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მეწყერი გამთენიისას ჩამოწვა მთიდან. ქალაქს უზარმაზარი ზარალი მიადგა.
13 ადამიანი დაშავებულია, თუმცა მათგან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა „ცოტათი მძიმე“. ეს მონაცემები ნეაპოლის პრეფექტმა კლაუდიო პალომბამ გამოაცხადა კაზამიჩოლაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.
მეწყერი კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ისკიაზე 25 ნოემბერს ერთბაშად 120 მმ ნალექი მოვიდა. მეწყრის ჩამოწოლისას რამდენიმე სახლი მიწამ მთლიანად დაფარა. სტიქიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი იდენტიფიცირებულია – იგი უცხოელია, „აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე“ და კუნძულ ისკიის მცხოვრებზე იყო გათხოვილი. უგზო-უკვლოდ დაკარგულ 11 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ ჩამოწოლილი მეწყრის გროვებში. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სამოქალაქო დაცვის და პოლიციის 70 თანამშრომელი მუშაობს.
„ანსას“ ცნობით, აუცილებელია 200 ადამიანის ევაკუაცია, რადგან მათი სახლები დანგრევის საფრთხის წინაშეა. მათ ევაკუაციას ორგანიზებას უწევს პრეფექტურა რეგიონის შესაბამის სამსახურებთან ერთად. ოჯახი (დედა, მამა და ახალშობილი ბავშვი), რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, იპოვეს. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და უსაფრთხოდ არიან.
ძლიერი წვიმის გამო მოვარდნილმა წყალმა ავტომობილი წაიღო, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათი გადარჩენა მოხერხდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურებს, რომლებმაც, მისი თქმით: „დაუყოვნებლივ მოახდინეს მობილიზება და ადამიანებს ეხმარებიან“. ამის შესახებ იტალიის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები